გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩის და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელგუჯა ხოკრიშვილის აზრით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე პასუხი უფრო მკაცრი იქნება.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და იქვე დასძინა, რომ პროპაგანდის ნაწილია, თითქოს ტრამპი ბიძინა ივანიშვილის ქმედებებზე თვალს დახუჭავს.
ინფორმაციისთვის: „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ზაფხულში აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკელების“ გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, უკრაინაში ომი 2025 წლის იანვარშიც დასრულდეს და ომის დასრულების შემდეგ კი, აშშ-სა და ევროკავშირთან საქართველოს კონფლიქტზე აღქმა შეიცვლება. „ამერიკასა და ევროპასთან ყველა გაუგებრობა დაუყოვნებლივ წარსულს ჩაჰბარდება და საქართველო გლობალური პოლიტიკის მოთამაშეებისთვის სრულიად განსხვავებული ინტერესის საგანი გახდება“, – ამბობდა ბიძინა ივანიშვილი.
ელგუჯა ხოკრიშვილი ვარაუდობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, უფრო მეტად იქნება ყურადღება გამახვილებული ამერიკული ინტერესების დაცვაზე და „თუ გადავხედავთ საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ ქმედებებს, ფაქტობრივად, ყველა ნაბიჯი აშშ-ის სტრატეგიული მიზნების საწინააღმდეგოდ არის მიმართული“.
„აშშ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია და ბოლო პერიოდში სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ ხელისუფლებამ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. აშშ-ში რომელი ადმინისტრაციაც მოვა, მათი ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ინტერესები ჩვენ რეგიონში და გლობალურად გარკვეულწილად იცვლება, მაგრამ აი, იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც მმართველი გუნდი ამბობს, რომ ეს ცვლილება მათ რაიმე სახით დაეხმარება, ეს არის სრული ტყუილი. მაგალითად, თუ გავიხსენებთ პრეზიდენტ ტრამპის ოთხწლიან პერიოდს, იმ დროს ჩინეთთან თუ რუსეთთან მიმართებით აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკა იყო უფრო მკაცრი“, - თქვა ყოფილმა ელჩმა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ელგუჯა ხოკრიშვილმა facebook-ის პირად გვერდზეც გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში, სხვადასხვა მიმართულებით აშშ-ის პოლიტიკა გაიხსენა:
„დონალდ ტრამპის პიროვნებისა და ფასეულობების საკითხს რომ თავი დავანებოთ, 2017-2021 წლებში, მიუხედავად პრეზიდენტის რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი რიტორიკისა, მისმა ადმინისტრაციამ გაატარა მკაცრი კონკრეტული ზომები.
დააწესა რამდენიმე სანქცია:
- 2017წელი: ხელი მოაწერა კანონს "Countering America's Adversaries Through Sanctions Act";
- სანქციები რუს ოლიგარქებსა და კომპანიებზე;
- რუსი დიპლომატების გაძევება სკრიპალების მოწამვლის შემდეგ;
სამხედრო/უსაფრთხოების საკითხები:
- უკრაინისთვის იარაღის მიწოდება;
- INF ხელშეკრულებიდან გამოსვლა;
- NATO-ს თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა;
მისი და „რესპუბლიკური პარტიის“ წინასაარჩევნო პროგრამის საბაზისო დოკუმენტი ამერიკა 2025 მოიცავს შემდეგ პრიორიეტეტებს:
ჩინეთის მიმართ პოლიტიკა:
- უფრო მკაცრი კურსი ჩინეთის მიმართ;
- ჩინური ინვესტიციების შეზღუდვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში;
რუსეთის მიმართ პოლიტიკა:
- NATO-ს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება;
- ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მხარდაჭერა რუსეთისგან;
- აღმოსავლეთ ევროპაში სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა;
- სანქციების გაგრძელება;
- რუსეთის გავლენის შემცირება საერთაშორისო არენაზე;
ზოგადი პოლიტიკური მიზნები:
- ამერიკის ინტერესების დაცვა
- მოკავშირეების გაძლიერება
- ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტიზაცია
დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა, თითქმის ყველა ამ პრიორიტეტული მიზნების წინააღმდეგ არის მიმართული; შიდა პარტიული ექსპერტების ეიფორიას ძალიან ნუ დაეყრდნობით“, - წერს ელგუჯა ხოკრიშვილი.