პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მოქალაქეების პროტესტი, რომელიც ბოლო 4 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, კონსტიტუციურ ჩარჩოებს არ სცილდება, მიუხედავად იმისა, რომ "ოცნება" მუდმივად ამეტებს ძალას.
"ეს პროტესტი და ყველაფერი დანარჩენი, ეს ყველაფერი არის კონსტიტუციურ ჩარჩოებში. მთლიანად, ჩვენ ვართ, საზოგადოება, თავის სამოქალაქო წამოწყებებით, ეს ქუჩის პროტესტი და ჩვენი ყველანაირი ქმედება, ჩვენ ვართ კონსტიტუციის მხარეს, ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას და ამ ქვეყნის კონსტიტუციის მომავალს. სამაგიეროდ მმართველი პარტია ყოველ ნაბიჯზე გადადის კონსტიტუციის გარეთ, არღვევს კონსტიტუციას, თუნდაც თავის ბოლო გადაწყვეტილებებით", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოში, საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.