ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება ბრიუსელის მხრიდან რეაგირების საჭიროებაზე გაამახვილა. მისი თქმით, ქართველი ხალხი ელოდება ზომებს ევროკავშირისგან და აშშ-სგან.
"გულახდილად უნდა ვთქვათ, რომ ევროპა გამოწვევას ჯერჯერობით სანახევროდ შეხვდა. გასული საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა პირველი ნაბიჯი იყო, თუმცა ბევრად მეტი შეიძლება და საჭიროა რომ გაკეთდეს. მე არ შევალ დეტალებში, რადგან ეს თქვენი თავისუფალი გადაწყვეტილებაა, თუმცა როდესაც ქართველები დღე და ღამე იბრძვიან, ევროპა ნელა იღვიძებს და ნელა რეაგირებს. ქართველები ელიან ზომებს ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან და იმედი მაქვს, არ მოუწევთ ლოდინი, რომ უფრო გაღრმავდეს კრიზისი, რათა ევროპამ რეაგირება მოახდინოს. როგორ შეუძლია ევროპას რეაგირება? პირველ რიგში, პოლიტიკური მხარდაჭერით, ჩვენ გვჭირდება მუდმივი პოლიტიკური ყურადღება უმაღლეს დონეებზე, რადგან პირველ რიგში ქართველებმა უნდა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან, გვაქვს თქვენი მხარდაჭერა. ესაა, რაც გააკეთეს ევროპარლამენტარებმა თავისი ვიზიტით თბილისში, ეს იყო ემანუელ მაკრონის ძლიერი გზავნილი, თუმცა მეტი გვჭირდება. გვჭირდება მეტი ვიზიტი საქართველოში",- განაცხადა ზურაბიშვილმა.
კიდევ ერთი მიმართულება, რა მიმართულებითაც ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს ისაა, რომ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული ადამიანები. პრეზიდენტის თქმით, ახალი არჩევნები ასევე არის გზა, რომლითაც ევროპას შეუძლია დაგვეხმაროს, ამ მოწოდების მხარდაჭერით.