ლიეტუვის პრემიერ მინისტრი გინტაუტას პალუკასი გადადგა. მთავრობის მეთაურმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც მისი ბიზნესგარიგებების შესახებ დაწყებულ გამოძიებას დედაქალაქში მასშტაბური პროტესტი და პალუკასის გადადგომის მოთხოვნა მოჰყვა - ქვეყნის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ პალუკასის გადადგომის შესახებ ინფორმაცია მედიასთან დღეს დილით დაადასტურა.
გინტაუტას პალუკასმა აღნიშნული თანამდებობა გასული წლის ბოლოს დაიკავა, მას შემდეგ, რაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყანაში სამპარტიული კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდა. მოსალოდნელია, რომ მისი გადადგომა სრულად კაბინეტის გადადგომასა და სრულიად კოალიციის ჩამოშლას გამოიწვევს.
პალუკასის ბიზნესგარიგებებთან დაკავშირებულ საქმეთა ნაწილი სულ მცირე 10 წლით თარიღდება. ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ პრემიერ-მინისტრს არ გადაუხდია 16 500-ევროიანი ჯარიმის ძირითადი ნაწილი, რომელიც მას 2012 წელს, ვილნიუსში ვირთხების განადგურების სერვისებთან დაკავშირებული სატენდერო პროცესის არასწორად წარმართვისთვის დაეკისრა. იმ პერიოდისთვის, პალუკასი ვილნიუსის მუნიციპალიტეტის გუბერნატორი იყო, სასამართლომ კი იგი თანამდებობით ბოროტად სარგებლობაში დაადანაშაულა, კომპანიისთვის პრივილეგიების უკანონო გზებით მინიჭების გამო. მაშინ პალუკასს სასჯელის სახით 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა საბოლოოდ აღარ დაუჭერიათ.
ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, პალუკასის საქმის შესწავლა ანტიკორუფციულმა სააგენტომაც დაიწყო. თავად პრემიერ-მინისტრი დანაშაულს უარყოფს და აცხადებს, რომ ნებისმიერი თავდასხმა კოორდინირებულია პოლიტიკური ოპონენტების მიერ.




























