საბავშვო და საოჯახო ტექსტილის გალერიის „ციმ.ციმ" დამფუძნებლის, ანა აბაშიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია უკვე რამდენიმე წელია პროტესტის გამო საშობაო და საახალწლო გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობას არ იღებს, შეკვეთებისა და გაყიდვების პროცესი მაინც ინტენსიური იყო.
მან BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივში" 2025 წლის შეჯამებისას აღნიშნა, რომ გასულ წელს საწარმომ გაფართოება დაიწყო და ახალი მიმართულებები დაამატა.
"საწარმო გადავაიარაღეთ, დავამატეთ ახალი ხაზები და გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რაც 2026 წელს უკვე დასრულებულ ფორმას მიიღებს. გაყიდვაშიც მალე ჩაეშვება ახალი ხაზები.
მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის გამო უკვე რამდენიმე წელია საახალწლო და საშობაო გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობას არ ვიღებთ, საახალწლოდ შეკვეთები და გაყიდვები მაინც ინტენსიური იყო", - განაცხადა მან.
მისივე თქმით, კომპანია მომხმარებელს ეკოტექსტილის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს, რაც უზრუნველყოფს როგორც კორპორაციულ, ისე საცალო შეკვეთებს. „ამ ხუთი წლის მანძილზე დაგროვილმა ლოიალურმა მომხმარებელმა საახალწლოდ სტაბილური გაყიდვები უზრუნველყვეს“, - დასძინა მან.
„ციმ.ციმი“ ქართულ ბაზარზე დაახლოებით სამი წლის წინ გამოჩნდა. კომპანია არა მხოლოდ ეკოტექსტილის მწარმოებელია, არამედ სოციალურ მიზნებსაც ემსახურება: ჭრა-კერვას ასწავლის ქალებს, რომლებიც პროფესიულ გამოცდილებას მოკლებულები იყვნენ.
"ამ ხუთი წლის განმავლობაში ასეულობით ადამიანს ვასწავლეთ საწარმოო პროცესი და მეწარმეობის საფუძვლები. ასე შევქმენით მცირე, მაგრამ საკუთარი საწარმოს მქონე ბიზნესმენების თაობა რუსთავში", – აღნიშნა აბაშიძემ.




























