მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროტესტის გამწვავების ფონზე, ტრამპი ირანს მორიგ გაფრთხილებას უგზავნის

ტრამპი ირანი

პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააფრთხილა - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ქვეყანაში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება, ხელისუფლებამ კი მზარდი არეულობის შესაჩერებლად ინტერნეტი გათიშა.

ტრამპმა, რომელმაც გასულ ზაფხულს ირანი დაბომბა და თეირანი გასულ კვირას გააფრთხილა, რომ აშშ, შესაძლოა, დემონსტრანტებს დახმარებოდა, პარასკევს ახალი განცხადება გააკეთა: "უმჯობესია, სროლა არ დაიწყოთ, თორემ ჩვენც ვისვრით. იმედი მაქვს, ირანში მომიტინგეები უსაფრთხოდ იქნებიან, რადგან ახლა იქ ძალიან საშიში ვითარებაა".

თუმცა, ხუთშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ აპირებს შეხვდეს რეზა ფეჰლავის (ირანის შაჰის აშშ-ში მცხოვრები ვაჟი), რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ოპოზიციის ლიდერის მხარდაჭერამდე ის მოვლენების განვითარებას ელოდება.

სატელევიზიო მიმართვაში ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ უკან დახევას არ აპირებს. მან დემონსტრანტები უცხოეთში მოქმედი ოპოზიციური ჯგუფებისა და აშშ-ის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა, საჯარო პროკურორი კი მათ სიკვდილით დასჯით დაემუქრა. ირანის ინფორმაციისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიების სამინისტროს განცხადებით, ინტერნეტის გათიშვის გადაწყვეტილება „კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანოებმა ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე“ მიიღეს.

მიმდინარე პროტესტი ირანის სასულიერო მმართველებისთვის ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია. როგორც უცხოური მედია წერს, მძიმე ეკონომიკური ვითარებისა და გასულ წელს ისრაელსა და აშშ-სთან ომის შემდეგ, რეჟიმი უფრო მოწყვლადია, ვიდრე წინა არეულობების დროს. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი პროტესტი ეკონომიკას უკავშირდებოდა (შარშან რიალმა დოლართან მიმართებით ღირებულების ნახევარი დაკარგა, დეკემბერში კი ინფლაციამ 40%-ს გადააჭარბა), მოგვიანებით ლოზუნგები უშუალოდ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული გახდა.

ირანის უფლებადამცველთა ჯგუფის, HRANA-ს პარასკევის მონაცემებით, 28 დეკემბრიდან, დემონსტრაციების დაწყებიდან დღემდე, გარდაცვალების სულ მცირე 62 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 14 უსაფრთხოების თანამშრომელი და 48 დემონსტრანტია.

პარასკევს საფრანგეთის, ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რითაც დაგმეს დემონსტრანტების მკვლელობა და ირანის ხელისუფლებას ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.

ინტერნეტის გათიშვამ ირანიდან ინფორმაციის გამოტანა მკვეთრად შეზღუდა, სატელეფონო ზარები კი არ გადის. დუბაის აეროპორტის ვებგვერდის თანახმად, გაუქმდა სულ მცირე 17 ავიარეისი. სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა კადრები, სადაც, მათი მტკიცებით, დამწვარი ავტობუსები, მანქანები და მოტოციკლები, ასევე მეტროსადგურებსა და ბანკებში გაჩენილი ხანძარი ჩანს.

გაეროში ირანის ელჩმა ვაშინგტონი „დესტაბილიზაციის მცდელობაში“ დაადანაშაულა და მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ აქტებად გარდაქმნა მას დააბრალა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ პარასკევს განაცხადა, რომ უცხოური სამხედრო ჩარევის შანსი "ძალიან დაბალია". მისი თქმით, შაბათს ირანს ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა, რომელიც ირანსა და დასავლეთს შორის ხშირად შუამავლის როლს ასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები