აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ, გვიან საღამოს მოაწერა ხელი აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც დიზელის რეკორდულად გაზრდილი ფასების შემცირებას ისახავს მიზნად. დოკუმენტი წითლად მარკირებული დიზელის [red-dyed diesel] გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითვალისწინებს.
როგორც CNN წერს, საწვავის გაზრდილი ფასით განსაკუთრებით დაზარალებულ ნებრასკაში გამართულ შეხვედრაზე ტრამპმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ამ ტიპის საწვავს გააიაფებს და ასევე შეამცირეს სხვა სამომხმარებლო პროდუქტზე გაზრდილ ფასსაც.
„ეს განკარგულება პროდუქციასა და პირველადი მოხმარების საქონელზეც მათ შორის, სურსათზე ფასებს შეამცირებს“, - ამბობს ტრამპი.
წითლად მარკირებული დიზელი შემადგენლობით ჩვეულებრივი, რეგულარის ტიპის საწვავია და მასში წითელი პიგმენტი მხოლოდ იმისთვის ერევა, რომ გაირჩეს სხვა ტიპის საწვავისგან, რადგან მასზე საგადასახადო შეღავათი მოქმედებს და ძირითადად სასოფლო-სამეურნეო სექტორში გამოიყენება. ტრამპის გადაწყვეტილებით კი ამ ტიპის იაფი დიზელის გამოყენება საყოველთაოდ დაშვებული გახდა.
"ეს ბრძანება ყველას საშუალებას მისცემს იყიდოს წითლად მარკირებული დიზელი და ნებისმიერი მიზნით გამოიყენოს",- აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
CNN წერს, რომ წითლად მარკირებულ დიზელზე შეზღუდვის მოხსნა განსაკუთრებით სატვირთო გადაზიდვებს დაეხმარება და ფერმერებს პროდუქტის დისტრიბუციას გაუიაფებს. მსოფლიოში ყველა ტიპის საწვავი ირანზე აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი თავდასხმის შემდეგ გაძვირდა, ომის გამო ირანმა ჩაკეტა "ჰორმუზის სრუტე", რომელზეც მსოფლიოში ექსპორტირებული ნავთობის დაახლოებით მეხუთედი გადის, ამან კი მიწოდებაში პრობლემები შექმნა და ფასი გაზარდა. ამ დროისთვის მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 100 დოლარამდეა გაზრდილი, წლის დასაწყისიდან ზრდა 60%-ს აჭარბებს.
























