პროცესორების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Advanced Micro Devices-მა, იგივე AMD-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. 2025 წლის ბოლო, მეოთხე კვარტალში კომპანიამ ანალიტიკოსების ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა როგორც შემოსავლების, ისე წმინდა მოგების მხრივ.
არსებული ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, AMD-ს წმინდა მოგება გასამმაგდა და $1.51 მილიარდი შეადგინა. რაც შეეხება მთლიან შემოსავალს, კომპანიამ AI ჩიპებისა და ცენტრალური პროცესორების გაყიდვით ჯამურად $10.27 მილიარდი მიიღო. ანალიტიკოსები კი მოელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი $9.5 მილიარდს არ გადააჭარბებდა. ამ შედეგით ტექ-კომპანიამ შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34%-ით გაიზარდა. ცნობისთვის, გასული წლის მე-4 კვარტალში AMD-ს შემოსავალი $7.66 მილიარდი იყო. გაყიდვებში განსაკუთრებული ზრდა კომპანიას მონაცემთა ცენტრებისთვის განკუთვნილმა AI პროცესორებმა მოუტანა. საუბარია $5.4 მილიარდ დოლარზე, რაც 2024 წლის მე-4 კვარტალს 39%-ით აჭარბებს.
AI ჩიპების ბაზარზე AMD-ს მიერ წარმოებული პროცესორები კონკურენციას უწევს Nvidia-ს და მას ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის არაერთი ტექნოლოგიური სტარტაპი თუ კომპანია იყენებს. დამკვეთებს შორის ვხვდებით ChatGPT-ს შემქმნელ OpenAI-ს და მონაცემთა ცენტრების ინდუსტრიის გიგანტ Oracle-ს. AMD-ს მოგების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექ-კომპანიის ყველაზე პოპულარულმა ცენტრალურმა პროცესორმა Ryzen-მა, რომლის გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა $3.9 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%-იანი ზრდაა.
იმის მიუხედავად, რომ AMD-მ მკვეთრი ზრდა დააფიქსირა და მომდევნო 3 თვეში შემოსავლის სახით $9.8 მილიარდის მიღებას მოელის, ტექ-კომპანიის აქციების ფასი ბირჟაზე 5%-ით მაინც დაეცა. ამ მხრივ, ინვესტორების სკეპტიციზმი განპირობებულია იმით, რომ კვლავ უცნობი რჩება, მოახერხებს თუ არა AMD გრაფიკული და ცენტრალური პროცესორების ჩინეთის ბაზარზე გაყიდვის გაგრძელებას. შეგახსენებთ, ამ მხრივ უკვე არაერთი პრობლემა შეექმნა ტექ-გიგანტს და AMD-ს კონკურენტ Nvidia-საც, რომელიც ბოლო 2 თვეა H200 ჩიპების ჩინური კომპანიებისთვის მიწოდებას რეგულაციების გამო ვერ ახერხებს. ამჟამად AMD-ს კაპიტალიზაცია $394.17 მილიარდია და ერთი აქცია $242.11 დოლარად ივაჭრება.



























