„პურზე მარტის პირველ რიცხვებამდე შენარჩუნდება სტაბილური ფასი, თუმცა შემდეგ გარკვეული გამოწვევები შეიქმნება, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე მოვლენები და ინფლაცია გამოიწვევ. ამან კი შესაძლოა, ფასის სტაბილურობა შეცვალოს“, - ამის შესახებ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, წელს რუსეთს ხორბლის რეკორდულად დიდი მოსავალი აქვს, რომელიც საშუალებას აძლევს, რომ ბაზარზე ითამაშოს, რაც საქართველოსაც საკმაოდ ნეგატიურად შეეხება.
„რუსეთს წელს ხორბლის რეკორდული მოსავალი აქვს, ეს მას ბაზარზე თამაშის საშუალებას აძლევს, ამას ისიც ემატება, რომ ევროპის ქვეყნებმა პროგნოზირებულზე ბევრად მეტი პროდუქტი გაიტანეს ექსპორტზე, უკრაინამაც ამოწურა თავისი საექსპორტო მარაგი, წელს კი, ომის გამო, წინა წელთან შედარებით 40%-ით ნაკლები აქვს დარგული.
რუსეთმა სტრატეგია მიიღო სოფლის მეურნეობის მზა პროდუქტის ექსპორტთან დაკავშირებით, რაც ძალიან აგრესიულად შეეხება საქართველოს, წელს ჩვენ 56 მილიონი დოლარის ფქვილი შემოვიტანეთ, წინა წელს ეს მაჩვენებელი 10-12 მილიონი იყო, შესაბამისად, ამან ქვეყნის შემოსავალი შეამცირა, რადგან ეს სხვაობა სწორედ ჩვენს წისქვილებს უნდა გადაემუშავებინათ. ამ ფაქტორებმა, შესაძლოა, რუსეთი მონოპოლისტი გახადოს ბაზარზე“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.
ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი მეორე მნიშვნელოვან გამოწვევაზეც საუბრობს, რომელიც ინფლაციის შედეგად დასაქმებულებისთვის ხელფასის მომატებას და ამის შედეგად პროდუქციის საფასურის გაზრდას გულისხმობს.
„პროდუქტის ფასზე არამხოლოდ ფუნდამენტური ფაქტორები - ხორბლის და ფქვილის ფასი, ელექტროენერგიის, გაზის და წყლის გადასახადი, არამედ სხვა ფაქტორიც მოქმედებს, როგორიცაა ინფლაცია, რომელიც გადაედება და აისახება პროდუქციაზე.
ყველაფერი ძვირდება, შესაბამისად პროდუქციის გაძვირების შედეგად, რა თქმა უნდა, მუშა-მოსამსახურეები ითხოვენ, რომ ხელფასები გაიზარდოს, ხელფასების პროცენტი კი ძალიან მაღალია წარმოებაში, ამიტომ ცხადია, ხელფასის მომატება პროდუქციის გაძვირებას იწვევს.
გვესმის, რომ სოციალურ პროდუქტს ვაწარმოებთ და ხალხი მისი ფასის შენარჩუნებას ითხოვს, მაგრამ თუ დასაქმებულებს ხელფასს არ გავუზრდით, მათ დავკარგავთ, რადგან ძალიან დიდი გადინებაა ქვეყანაში“, - განმარტავს ლევან სილაგავა.




























