რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ინდოეთში ორდღიან სახელმწიფო ვიზიტს იწყებს. როგორც ოფიციალური კრემლი განმარტავს, ქვეყნის ლიდერის მიზანი ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავება იქნება.
არსებული ინფორმაციით, გეგმაშია არამარტო რუსული ნავთობის ექსპორტის მასშტაბის გაზრდა, არამედ შეიარაღების მიყიდვაზე ახალი კონტრაქტების დადება, მათ შორის, საავიაციო სფეროში. Reuters-ის ინფორმაციით, რაკეტების, მოიერიშეებისა და ნავთობის მიყიდვაზე მსჯელობის გარდა, პუტინი ორ ქვეყანას შორის სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებაზეც გეგმავს საუბარს.
რუსეთის პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი ინდოეთში მოულოდნელი არ არის ანალიტიკოსებისთვის. მათი შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ რუსული ნავთობ-გიგანტების დასანქცირებამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა რუსეთს, რასაც ხელი შეუწყო ოფიციალურ პეკინსა და ნიუ დელიში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, მნიშვნელოვნად შეემცირებინათ რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტი.
პუტინის ვიზიტი ინდოეთში 4-5 დეკემბერს გაიმართება.




























