პუტინი NATO-ს გამოცდას უწყობს. მოკლედ სწორედ ასე შეგვიძლია შევაფასოთ ბოლო 1 კვირაში მიმდინარე ის მოქმედებები, რომლებმაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსული აგრესიის პირისპირ პირველად დააყენა.
ცხადია, უკრაინაში NATO-ს შეიარაღება აქტიურად გამოიყენება, თუმცა მსგავსი შემთხვევა, როცა თავად გაერთიანების წევრი ჩაერთო პროცესში, ნამდვილად არ გვახსენდება.
არც გაგვახსენდებოდა, 10 სექტემბრის გამთენიისას, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული უმსხვილესი სარაკეტო შეტევის პარალელურად, რუსეთს 19 დრონი დამიზნებით პოლონეთისკენ რომ არ მიემართა. დიახ, დამიზნებით, რადგან როგორც პოლონეთის ოფიციალური უწყება აცხადებს, სამხედრო დრონებს მიზანში NATO-ს ის ჰაბი ჰქონდათ ამოღებული, რომლიდანაც იარაღი უკრაინაში გადადის. ეს მცდელობა სწრაფადვე ჩაიჭრა და, საბედნიეროდ, არც მსხვერპლი გვიხილავს.
რისი რეალური ალბათობაც იყო, რადგან ერთ-ერთი გაუნეიტრალებელი დრონი საცხოვრებელ ობიექტს მოხვდა. მოკლედ, ახლა საკითხი ასე დგას, რა მიზანს ისახავს ეს “გამოცდა”. რა სურს რეალურად პუტინს?
დასავლელი ანალიტიკოსების დიდი ნაწილი კრემლის ომის მანქანის მიერ მიღებული გადაწყვეტილების რამდენიმე შესაძლო მიზეზს ასახელებს. ცხადია, უპირველესია NATO-ზე ზეწოლის გაძლიერება. მოგეხსენებათ, ომის დაწყების დღიდან პუტინი მუდმივად იმუქრება ვითარების ესკალაციით და საერთაშორისო კონფლიქტის დაწყებით. ხან ამერიკული შეიარაღების მიწოდებას ასახელებს წითელ ხაზად და შემდეგ ჩუმდება, ხან F-16-ების გადაცემის შემთხვევაში იმუქრება რეაგირებით და ამითაც “ბლეფობს” და ხანაც უცხოელი ჯარისკაცების სამშვიდობოებად განლაგებას აცხადებს NATO-სთან ომში შესვლის წინაპირობად. მოკლედ, მუდმივად ქმნის იმ სტრატეგიულ გაურკვევლობას, რომლის ფონზეც რას იზამს, არ იცი. პოლონეთსა და რუმინეთზე შეტევების მიტანითაც პუტინი ცდილობს შეგვახსენოს, რომ ის ყველაფერზე წავა, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ტაქტიკური სამხედრო ინტერესი, რაც შეტევების მიღმა შეიძლება იდგეს. ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ NATO-ს ორი წევრი ქვეყნისკენ დრონების დამიზნებითა და გაგზავნით, პუტინს აინტერესებს, რა დრო დასჭირდება მოპასუხე მხარეს რეაგირებისთვის. რამდენ ხანში აფრინდებიან გამანადგურებლები, რა დროს მოანდომებენ ისინი სამიზნეების განადგურებას და რამდენად წარმატებით შეძლებენ ამას ან, სულაც, უპასუხებენ დარტყმებს თუ დეესკალაციის გზას აირჩევენ. სექტემბრის ორი ოპერაციით რუსეთმა დაადგინა, რომ თუ დრონი სამხედრო ობიექტისკენ არის მიმართული, მას NATO-ს წევრები დაუყოვნებლივ გაანადგურებენ. ამისთვის კი ისინი F-16 და F-35 ტიპის მოიერიშეებს გამოიყენებენ. რაც შეეხება მომზადების პერიოდს, გამანადგურებელს ანგარიდან გამოსვლიდან გაფრენამდე 5-10 წუთში დასჭირდება. და თუ კი დრონი რეალურ საფრთხეს არ ქმნის, მის ჩამოსაგდებად ქვეყანა თავსაც არ შეიწუხებს. ეს გაკვეთილი პუტინმა რუმინეთის მაგალითიდან გამოიტანა.
მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი “გამოცდა” იმის დადგენაა, რეალურად რამდენად ერთიანები არიან NATO-ს წევრი ქვეყნები და რა გადაწყვეტილებების მიღებისთვის არიან მზად. ცხადია, პუტინმა შესანიშნავად იცოდა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში დამიზნებით გაშვებული დრონების შეფრენა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრების არამარტო აღშფოთებას, არამედ კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებსაც გამოიწვევდა. და მე არ ვგულისხმობ აქ უპილოტო აპარატების ჩამოყრას. საუბარია NATO-ს მე-4 და მე-5 მუხლების გამოყენებაზე. პუტინს სწორედ ის აინტერესებდა, თუ რას გადაწყვეტდნენ ისინი. თუ გავითვალისწინებთ, რომ NATO-ს მე-4 მუხლის ფარგლებში პოლონეთის მიერ მოთხოვნილი შეხვედრა უკვე შედგა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთმა შემდეგი ვერდიქტი გამოიტანა: თუ NATO-ს წევრ სახელმწიფოზე სამხედრო იერიშს მივიტან, ის მეტად შეიარაღდება, მეტად მობილიზდება და მეტად გააერთიანებს ალიანსს. უფრო დეტალურად რომ ჩავშალოთ, საფრანგეთმა პოლონეთის ცის დასაცავად 3 რაფაელის ტიპის გამანადგურებელი გაგზავნა, გერმანიამ ტაიფუნის ტიპის 4 მოიერიშე, ბრიტანეთმა ასევე ტაიფუნის ტიპის ბომბდამშენი, ხოლო დანიამ არამარტო 2 F-16 , არამედ პოლონეთის წყლების გასაკონტროლებლად ერთი სამხედრო ფრეგატიც კი გაგზავნა. ეს ყველაფერი ოპერაცია “აღმოსავლეთის დარაჯის” ფარგლებში განხორციელდა. ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, ჩვენ არ გვინახავს მე-5 მუხლის გამოყენებაზე საუბარი, რაც, ერთი მხრივ, NATO-ს ტრადიციულ ფრთხილ პოლიტიკაზე მიუთითებს, მეორე მხრივ კი, პუტინს აძლევს სიგნალს, რომ მცირედი დარტყმები რუსეთს შეიძლება ეპატიოს.
მოკლედ, ომი გრძელდება და თუ მხარეები სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდას არ მოუსხდებიან, რაც დრო გავა, მით უფრო მეტ აგრესიას, მსხვერპლსა და განადგურებას ვიხილავთ. მით უფრო მეტ სახიფათო ექსპერიმენტს ვიხილავთ პუტინის მხრიდან, რომელიც ამ ბოლო ორი იერიშის გათვალისწინებით, სულაც არ ჩანს იმის წინააღმდეგი, ომის მისდა საუბედუროდ წარმართვის შემთხვევაში უფსკრულში მთელი მსოფლიო გადაიყოლოს.




























