რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ყველა პრობლემას გადაჭრის, რომელიც ამა თუ იმ პროდუქტის მოთხოვნა–მიწოდებასთანაა დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ პროდუქტზე მოთხოვნა იზრდება.
"ბუნებრივია, რომ მსგავს მომენტებში იზრდება მოთხოვნა საქონელზე. თუმცა ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ მშვიდ სამუშაო რეჟიმში გადავჭრით ამ პრობლემებს"– თქვა პუტინმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
"არაფერი არ არის ისეთი, რასაც ვერ გადავჭრით. თუმცა, დიახ, არსებობს საკითხები, რომლებიც ჩვენგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს",– ამბობს პუტინი. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მისივე განცხადებით, არ ეპარება ეჭვი, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მაინც შემოიღებდნენ.
„ეჭვი არ მეპარება, რომ სანქციებს მაინც შემოიღებდნენ, ასე თუ ისე. როგორც ეს მრავალი, წლების განმავლობაში იყო შემოღებული“, - განაცხადა პუტინმა მთავრობის წევრებთან თათბირის დროს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო უამრავმა საერთაშორისო კომპანიამ რუსეთში მუშაობა შეწყვიტა, დაწესებულია ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, რუსეთის უმსხვილესი ბანკები იზოლირებულია მსოფლიოსგან, რადგან გათიშულია Swift–იდან.




























