რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი ერთმანეთს დედაქალაქ პეკინში შეხვდნენ, სადაც, ჩინეთის ხელისუფლების ორგანიზებით, სარტყლისა და გზის ფორუმი იმართებოდა. ეს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პუტინი პეკინში ჩავიდა და ჩინელ კოლეგას პირადად შეხვდა.
ფორუმის მიზანი სარტყლისა და გზის ინიციატივაში ჩართული სახელმწიფოების ლიდერების შეკრება და მათთვის ახალი დღის წესრიგის გაცნობა იყო. საერთო ჯამში, ორდღიან ღონისძიებას 130-მდე სახელმწიფოს ლიდერი და მინისტრი ესწრებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ფორუმზე მთელი აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის რეგიონი იყო წარმოდგენილი.
ჩინეთის ლიდერის განცხადებით, მხოლოდ ინფრასტრუქტურული განვითარების ეპოქა დასრულებულია და ეს ტრილიონიანი ინიციატივა ახლა უკვე კოოპერაციის ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს, რაც ტექნოლოგიის გაზიარებას, ეკონომიკურ ინტეგრაციას და საფინანსო სისტემების სინქრონიზაციას გულისხმობს.
სი ძინპინი მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ მილიარდობით დოლარის სესხის სანაცვლოდ, ჩინეთი ბენეფიციარი სახელმწიფოების მხრიდან ლოიალურობას და გეოპოლიტიკურ ასპარეზზე მეტ აქტიურობას მოითხოვს. ჩინეთის პრეზიდენტს განსაკუთრებული ფოკუსი ტექნოლოგიურ პროგრესზე და ხელოვნურ ინტელექტზე ჰონდა. სიტყვით გამოსვლაში მან არაერთხელ აღნიშნა, რომ თანამედროვე ეპოქის ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაცია AI-ია, რომელიც ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებთან ერთად, გეოპოლიტიკურ რისკებსაც შეიცავს.
ფორუმის ფარგლებში, ჩინეთმა ხელოვნური ინტელექტის რეგულირების მიმართულებით ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის ინიციატივაც დააყენა, რომლის დეტალებიც ამ ეტაპზე უცნობია.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც სი ძინპინი შეეხო, ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავშირდება. მისი განცხადებით, ამერიკასა და ჩინეთს არაჯანსაღი კონკურენცია აქვთ, რადგან ჩინური კომპანიების შესაზღუდად ვაშინგტონი აქტიურად იყენებს სავაჭრო ტარიფებს და სანქციებს, რაც ამ მრავალწლიან ურთიერთობას საფრთხის წინაშე აყენებს.
ძინპინის შეფასებით, ამერიკა-ჩინეთს შორის ამჟამად არსებული ურთიერთობა ნამდვილად არასახარბიელოა და ვითარების გამწვავების შემთხვევაში, მაღალი იქნება იმის რისკი, რომ მსოფლიო ორ საპირისპირო პოლუსად გაიყოფა - ერთ მხარეს ამერიკა იქნება, მეორე მხარეს კი - ჩინეთი.
როგორც ჩანს, ამ სენტიმენტს იზიარებს ვლადიმირ პუტინიც, რომელიც აღნიშნავს, რომ მსოფლიოს დაპირისპირებულ ბანაკებად დაყოფა გარდაუვალი იქნება, თუმცა პუტინი სახელდობრ ორ პოლუსზე არ საუბრობს, რადგან ის რუსეთს პოტენციურად მესამე პოლუსად განიხილავს, რასაც ვერ ვიტყვით ჩინეთის ლიდერზე, რომელიც რუსეთს მხოლოდ ვასალად აღიქვამს.
პუტინის განცხადებით, ამერიკის მთავრობას მთელი მსოფლიოს ომში ჩართვა სურს, რისთვისაც ის ახლა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კონფლიქტის ესკალაციას ცდილობს, რის გამოც ხმელთაშუაზღვაში მან საკუთარი ავიამზიდები და საბრძოლო ხომალდები შეიყვანა. მისი თქმით, რუსეთი და ჩინეთი მშვიდობიანი სამყაროს შექმნას ცდილობენ, რასაც ამერიკა და ევროკავშირი ხელს უშლიან.
რაც შეეხება რუსეთ-ჩინეთის ურთიერთთანამშრომლობის საკითხს, ქვეყნების ლიდერები აღნიშნავენ, რომ ამ ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს და სარტყლისა და გზის ინიციატივის განხორციელებაში რუსეთი უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს. მოგეხსენებათ, რუსეთს 14 სახელმწიფოსთან აქვს სახმელეთო საზღვარი, ამიტომაც საერთაშორისო ვაჭრობის კუთხით მას დიდი მნიშვნელობა აქვს. ცხადია, ამ პოტენციალს ჩინეთის მმართველიც აცნობიერებს და სწორედ ამიტომ ის რუსეთს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისკენ მოუწოდებს.
აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის ფაქტი, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ჩინეთი რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა. ამჟამად რუსული ნავთობისა და გაზის უმსხვილესი შემსყიდველი ჩინეთია. თავად პეკინი რუსეთს ფინანსური რესურსების გარდა, სანქცირებული ტექნიკით, ავტომობილებით, ელექტრონული მოწყობილობებითა და ჩიპებით ამარაგებს.
პეკინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაღრმავების შემთხვევაში, არ იქნება გამორიცხული, რომ ჩინეთი რუსეთის ლეტალური იარაღით მომარაგებაზეც გადაერთოს, რისგანაც ამ ეტაპზე სი ძინპინი თავს იკავებს.
საერთო ჯამში, გამართულ სამიტზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ გეოპოლიტიკური სამყაროს ფრაგმენტაცია გარდაუვალია და ერთ დაპირისპირებულ მხარეს ჩინეთი, რუსეთი და Brics-ის სხვა წევრი ქვეყნები იქნებიან, მეორე მხარეს კი - ამერიკა, ევროკავშირი და სხვა დასავლური ორიენტაციის მქონე სახელმწიფოები.