ქართული წარმოშობის, რუსი მწერალი გრიგორი ჩხარტიშვილი, ფსევდონიმით ბორის აკუნინი, Facebook-ის პირად გვერდზე საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ინიცირებით შექმნილ მდგომარეობაზე თავის შეფასებას აქვეყნებს. ის ქართველებს მოუწოდებს, არ მისცენ ხელისუფლებას უფლება, რომ მათ თავისუფლება წაართვან.
მწერალი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის საწინააღმდეგოდ დაფიქსირებული მოსაზრებების გამო, რუსეთმა 2023 წლის მიწურულს ტერორისტებისა და ექსტრემისტების ჩამონათვალში შეიყვანა, თავის პოსტში წერს, რომ ქართული პოლიტიკის შესახებ თავისი მოსაზრებების გაჟღერებისგან თავს იკავებს ხოლმე, თუმცა ქართული მედია საშუალებებმა მას „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის კომენტირება სთხოვეს.
აკუნინი წერს, რომ ამ კანონის მიღებით, საქართველოში პუტინიზმი ბუდეს დაიდებს და არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა პირების მიმართ, რუსეთში არსებული დევნის ანალოგიური პროცესები დაიწყება.
„რამდენიმე ქართულმა ტელეარხმა და მედია საშუალებამ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის კომენტირების თხოვნით მომმართა.
ზოგადად, მე ქართული პოლიტიკური ცხოვრების შესახებ აზრს არ გამოვთქვამ. პირველ რიგში იმიტომ რომ კომპლექსი მაქვს, რომ „არასრულფასოვანი ქართველი“ - ენაც კი არ ვიცი. მეორე ის არის, რომ რუსი მწერალი ვარ და სხვის საქმეებში ჩემი ყოველგვარი ჩართულობა ჩვენი ძმის მხრიდან, არსებული ვითარების პირობებში აღიქმება როგორც „იმპერიალიზმის გამოვლინება.
მაგრამ საქართველო ჩემთვის უცხო არ არის. დავიბადე საქართველოში, „შვილი“ ვარ [გვარი შვილით მთავრდება] და „შალვას ძე“ ვარ, იქ ძალიან ბევრი მეგობარი და ნათესავი მყავს. და ჩემთვის საგანგაშოა იმის ყურება, როგორც მიცოცავს დემოკრატიული ქვეყანა იმავე დაღმართზე, რომლიდანაც რუსეთი უფსკრულში გადაიჩეხა.
პოლიტიკური ოპოზიციის და ბასრკბილიანი პრესის კი არ უნდა გეშინოდეთ, არამედ პუტინიზმის. მხოლოდ გარედან შემოჭრის კი არ უნდა გეშინოდეთ, არამედ შიგნიდანაც, რაც დღეს ხდება კიდევაც.
პუტინიზმი თქვენს სახლში ბუდის გაკეთებას, თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ცდილობს. თქვენ ამ ინფილტრანტს მერე ვერ გაასახლებთ. ის გამოხრავს საქართველოს როგორც სიმსივნე. ვიცით, ეს უკვე გავიარეთ. თავიდან „უცხოური აგენტები“, შემდეგ „მეხუთე კოლონა“, შემდეგ „ტერორისტები და ექსტრემისტები“, შემდეგ კი საქართველოს არანაირი მეგობარი პუტინის რუსეთის გარდა არ დარჩება.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკან - ორთავა არწივის ფრთის ქვეშ.
ქართველებო, არ დაუშვათ რომ თქვენ ეს გაგიკეთონ. დაიცავით თავისუფლება“, - წერს ბორის აკუნინი, იგივე გრიგორი ჩხარტიშვილი.