ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა 26 აგვისტოს რუსეთის მხრიდან დამოუკიდებლობის აღიარების მე-16 წელი აღნიშნეს. აფხაზი ჟურნალისტი, ინალ ხაშიგი წერს, რომ ვლადიმირ პუტინს აფხაზეთისა და ცხინვალისთვის არ მიულოცავს.
"აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების დღემ ჭექა - ქუხილით, ელვითა და ბასტათი [რუსი რეპერი] ჩაიარა, მაგრამ ვლადიმერ პუტინის სახელით ოფიციალური მილოცვა არ ყოფილა. ის ამას ყოველთვის აკეთებდა, ზოგჯერ სიმბოლურად კამერების წინაც გვესალმებოდა. ამჯერად ეს არც წერილობით, არც სიტყვიერად მოგვილოცა. დიმიტრი მედვედევი ასლან ბჟანიას ტელეფონით ესაუბრა და მორჩა. დიახ, 2008 წელს, სწორედ, მედვედევი ითვლებოდა რუსეთის პრეზიდენტად, თუმცა ახლა მისი პოზიცია საკმაოდ მოკრძალებულია - ის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა", - წერს ინალ ხაშიგი.
აფხაზი ჟურნალისტი და ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნების წინ არ აწყენინა.
"პუტინმა არც აფხაზეთს, არც სამხრეთ ოსეთს არ მიულოცა. არ შეიძლება იმის თქმა, რომ დაავიწყდა. ზოგადად, ეს სიტუაციიდან გამომდინარე დაიგეგმა, რომ ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" არ ეწყინოს", - წერს ჟურნალისტი.