რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნიკოლაი უდოვიჩენკო დანიშნა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) მეზობელ ქვეყნებთან, ასევე საქართველოსთან, ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად. ბრძანება ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.
„რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ნიკოლაი ნიკოლაევიჩ უდოვიჩენკო დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში მეზობელ სახელმწიფოებთან - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრებთან, ასევე დაეკისროს მას რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მოვალეობები აფხაზეთის რესპუბლიკასთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, უდოვიჩენკო დაინიშნა კასპიის ზღვის შესახებ მრავალმხრივ მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელად.
მანამდე ორივე თანამდებობას მიხაილ პეტრაკოვი იკავებდა. ის აგვისტოში ავსტრალიაში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.




























