"უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს", - განაცხადა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტია "ტისას" (Tisza) ლიდერმა პეტერ მადიარმა.
"ჩვენ მოგვიწევს რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. არც რუსეთის და არც უნგრეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება. ჩვენი ენერგოდამოკიდებულებაც გარკვეული დროის განმავლობაში შენარჩუნდება. ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ეს მყისიერად არ მოხდება. საჭიროების შემთხვევაში, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, მაგრამ არ გავხდებით მეგობრები", - აღნიშნა მადიარმა.
ამ განცხადებით პოლიტიკოსი მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის სიტყვებს გამოეხმაურა. ორბანმა განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, "ტისა" "პროუკრაინულ მთავრობას შექმნიდა" და პირობა დადო, რომ მოსკოვთან მათ მოლაპარაკებებს დააკვირდებოდა.
მადიარმა ეჭვი შეიტანა იმაში, რომ ორბანმა ეს განცხადება სრული სერიოზულობით გააკეთა: "უნგრეთში პროუკრაინული მთავრობა არავის სურს. ყველას პროუნგრული მთავრობა უნდა".
ამ დროისთვის, ხმების 98.9%-ის დათვლის შედეგად, "ტისა" პარლამენტში 138 მანდატს იღებს, რაც მას საკონსტიტუციო უმრავლესობას ანიჭებს, ხოლო ვიქტორ ორბანის მმართველ კოალიცია ლფიდესი-KDNP"-ს (Fidesz-KDNP) 55 მანდატი ექნება. 6 მანდატი პარტია "ჩვენს სამშობლოს" (Mi Hazánk) ერგო.




























