ინტერნეტის შექმნასთან ერთად, მსოფლიოს მრავალმხრივი პროგრესი დაჩქარდა, ხოლო ადამიანებს შორის კომუნიკაცია - გამარტივდა. ამასთან, ინტერნეტი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა - ჩვენ მას სამსახურისთვის, სასწავლებლად და გასართობად ვიყენებთ, ხოლო ანტრეპრენიორებმა ის ინდუსტრიად გარდაქმნეს და ისეთი პროდუქტები შექმნეს, რომელთა გარეშე ცხოვრება, დღეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია. არსებობს მოსაზრება, რომ ინტერნეტი ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური საჭიროებაცაა, რომელზეც ხელი ყველას უნდა მიუწვდებოდეს.
თუკი დღეს, ინტერნეტი დედამიწის ბევრ წერტილში არის ხელმისაწვდომი, რეალურად, მას მსოფლიოს მხოლოდ ორი მესამედი იყენებს. შტატისტა-ს 2023 წლის აპრილის მონაცემებით, ინტერნეტის პენეტრაციის გლობალური მაჩვენებელი 64.6%-ს შეადგენს - გამოდის, რომ ინტერნეტთან წვდომა 5.18 მილიარდ ადამიანს აქვს, ანუ ყოველი სამი ადამიანიდან, ორს.
ამასთან, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გარდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტერნეტის სიჩქარე, რადგან მსოფლიოს ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ინტერნეტთან წვდომა დიდად არაფერს ნიშნავს, თუ მან ადამიანის ეფექტიანობა არ გაზარდა. ინტერნეტის სიჩქარის მაჩვენებლით მსოფლიოში მეტად უთანასწორო მდგომარეობაა.
Speedtest Global Index-ის მონაცემებით, მობილური ინტერნეტი მსოფლიოს 140 ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი, რომელთა შორის პირველ ადგილს არაბთა გაერთიანებული საამიროები იკავებს, ბოლო ადგილს კი - სუდანი. თუ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მობილური ინტერნეტის სიჩქარე 181.79 მბ/წმ-ია, სუდანში ის მხოლოდ და მხოლოდ 1.22 მბ/წმ-ია, ანუ 149-ჯერ ნაკლები. მობილური ინტერნეტის გლობალური საშუალო კი, 42.30 მბ/წმ-ია.
განსხვავებული მდგომარეობაა ფიქსირებული ინტერნეტის კუთხით, რომელიც მსოფლიოს 181 ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი. ამ მხრივ, გლობალური საშუალო უფრო მაღალია და 79.28 მბ/წმ-ში შეადგენს. ამ მხრივ, მსოფლიოს უდავო ლიდერი სინგაპურია, ხოლო ბოლო ადგილს კუბა იკავებს. თუ სინგაპურში ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე 241.35 მბ/წმ-ია, კუბაზე ის მხოლოდ 1.93 მბ/წმ-ია, რაც 125-ჯერ ნაკლებია.
იმ ქალაქების ჩამონათვალი, სადაც ფიქსირებული ინტერნეტი ყველაზე სწრაფია, შემდეგნაირად გამოიყურება:
პეკინი, ჩინეთი - 268.09 მბ/წმ
ვალპარაისო, ჩილე - 265.16 მბ/წმ
აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები - 259.60 მბ/წმ
შანხაი, ჩინეთი - 233.54 მბ/წმ
ლიონი, საფრანგეთი - 232.40 მბ/წმ
მადრიდი, ესპანეთი - 225.89 მბ/წმ
ბანკოკი, ტაილანდი - 225.21 მბ/წმ
ნიუ-იორკი, აშშ - 224.37 მბ/წმ
ბუქარესტი, რუმინეთი - 216.21 მბ/წმ
კოპენჰაგენი, დანია - 208.64 მბ/წმ
იმ ქალაქების ჩამონათვალი, სადაც ფიქსირებული ინტერნეტი ყველაზე ნელია, შემდეგნაირად გამოიყურება:
ჰავანა, კუბა - 1.83 მბ/წმ
ქაბული, ავღანეთი - 2.31 მბ/წმ
ჰერათი, ავღანეთი - 2.92 მბ/წმ
სანაა, იემენი - 3.67 მბ/წმ
ნიამეი, ნიგერი - 3.68 მბ/წმ
ადენი, იემენი - 3.86 მბ/წმ
აშხაბათი, თურქმენეთი - 4.16 მბ/წმ
ჯიბუტი, ჯიბუტი - 5.82 მბ/წმ
მონროვია, ლიბერია - 7.04 მბ/წმ
მაპუტო, მოზამბიკი - 7.35 მბ/წმ
ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარის ყველაზე მაღალი და დაბალი სიჩქარის მქონე ქალაების მიმოხილვის შემდეგ, შეიძლება გაჩნდეს კითხვა, თუ რა ადგილს იკავებს თბილისი ამ რეიტინგში და როგორ განსხვავდება ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში რეგიონის სხვა ქალაქებისგან.
Speedtest Global Index-ის მონაცემებით, თბილისში მობილური ინტერნეტის სიჩქარე 26.62 მბ/წმ-ში შეადგენს, რაც გლობალურ საშუალოს 52.66 მბ/წმ-ით ჩამორჩება. ამავე წყაროს მიხედვით, მობილური ინტერნეტის დაახლოებით ასეთივე სიჩქარე ფიქსირდება სენეგალის დედაქალაქ დაკარში (27.14 მბ/წმ) და ერაყის დედაქალაქ ბაღდადში (26.30 მბ/წმ). ამ მაჩვენებლით, თბილისი ისეთ ქალაქებს უსწრებს, როგორიცაა ჰავანა, კასაბლანკა, თეირანი და ბეირუთი.
ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარის მიხედვით ჩვენი რეგიონის ქალაქების რეიტინგი, შემდეგნაირად გამოიყურება:
მოსკოვი, რუსეთი - 92.99 მბ/წმ
სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი - 88.53 მბ/წმ
ერევანი, სომხეთი - 47.40 მბ/წმ
სტამბოლი, თურქეთი - 40.33 მბ/წმ
ანკარა, თურქეთი - 37.36 მბ/წმ
ბაქო, აზერბაიჯანი - 31.27 მბ/წმ
თბილისი, საქართველო - 26.62 მბ/წმ
როგორც ირკვევა, Speedtest Global Index-ის მონაცემებით, რეგიონში ყველაზე ნელი ფიქსირებული ინტერნეტი, სწორედ თბილისში ფიქსირდება. თუმცა განსხვავებული მდგომარეობაა მობილური ინტერნეტის კუთხით, რადგან ამ მხრივ, თბილისი სანქტ-პეტერბურგსა და ერევანს უსწრებს და რეგიონში მე-5 ადგილს იკავებს.
ფიქსირებული ინტერნეტის სისწრაფის გლობალურ რეიტინგში, საქართველოს დედაქალაქი 190-დან 144-ე ადგილს (75.3 პროცენტილი) იკავებს.