ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქში ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.
ეს მერიაში მას შემდეგ განაცხადეს, რაც ძლიერი წვიმის შედეგად დღეს, 9 აგვისტოს, რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების ეზოები, სარდაფები და პირველი სართულები დაიტბორა. ბათუმის მერიის ცნობით, დატბორილ ქუჩებზე, სპეცტექნიკის გამოყენებით უკვე დაწყებულია ამოტუმბვითი სამუშაოები.
„ბათუმის წყლის” და „აჭარის წყლის ალიანსის” სპეცტექნიკის გამოყენებით დაწყებულია ამოტუმბვითი სამუშაოები. შეფერხებები დაფიქსირდა მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია. ასევე ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება უმეტეს ნაწილში აღდგა. ამ ეტაპზე ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 70 აბონენტი და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები", - წერია განცხადებაში.
მერიის ინფორმაციითვე, წყალმომარაგება შეიზღუდა რამდენიმე ადგილას: ბენში, ბარცხანაში, ორთაბათუმში, გოროდოკსა და წინსვლაში, ასევე ფაღავასა და მაქაცარიას ქუჩებზე.




























