ჟურნალისტის კითხვაზე, რა როლი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს პრეზიდენტს, ოპოზიციური პარტიების მიერ სიების ჩახსნის პროცესში, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი თანამდებობის დატოვებისთვის უნდა ემზადებოდეს.
"ქალბატონ სალომეს სულ რამდენიმე პარასკევი აქვს დარჩენილი ამ თანამდებობაზე ყოფნის და მის ადგილას ადამიანი წესით საკუთარი ნივთების გამზადებით უნდა იყოს დაკავებული, რომ გავიდეს დაკავებული პოზიციიდან", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ბაქოში ვიზიტისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ახალი პრეზიდენტი მომავალი წლის დასაწყისიდან აირჩევა. კობახიძის თქმით, ეს იანვრის დასაწყისში მოხდება.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ იკავებს. იგი მეხუთე და ბოლო პრეზიდენტია, რომელიც საყოველთაო არჩევნების გზით აირჩიეს. მომდევნო წელს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგია აირჩევს.