ქალბატონო რიმა, ცოტა აგერიათ სამომხმარებლო კალათა და სამომხმარებლო მინიმუმი, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ დეპუტატ რიმა ბერაძეს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს უსმენენ, უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ გიორგი გახარიას ჰკითხა, უნდა გადაიხედოს თუ არა სამომხმარებლო კალათის დღეს არსებული ზღვრული ნორმა, რომელიც 190 ლარს შეადგენს.
„სამომხმარებლო მინიმუმი, როგორც ასეთი, ეკონომიკურ პარამეტრად აღარ გამოიყენება არსად, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც. ერთადერთი ქვეყანა ჩვენ დავრჩით და სამომხმარებლო მინიმუმი დასავიწყებელია. სამომხმარებლო კალათა ცოტა სხვა თემაა, ეს არის შეფასებითი ერთეული, რომელსაც საქსტატი ადგენს და ამას უფრო მაკროეკონომიკური განზომილება აქვს.
ის, რომ ლარის კურსს პირდაპირი სოციალური მნიშვნელობა აქვს, კარგად გვესმის, მაგრამ სამომხმარებლო მინიმუმს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როგორც კი რამდენიმე პუნქტით ლარის კურსი უფასურდება, ამის სოციალური ეფექტი აშკარაა. თუმცა, მსოფლიოში გლობალური ეკონომიკური კრიზისია და ამას ცალკე აღებული, საქართველო მარტო ვერ გაუმკლავდება. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ წნეხი ლარის კურსზე მინიმუმამდე დავიყვანოთ და იქ, სადაც სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, მოქალაქეებს მიზნობრივად დავეხმაროთ“, - მიმართა გიორგი გახარიამ რიმა ბერაძეს.