ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდა. როგორც ბიზნესფედერაციის მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან ირკვევა, ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზეც ისაუბრეს.
„ფედერაციის წევრებმა მათთვის საინტერესო საკითხები წამოწიეს. შეხვედრაზე შეკითხვები დაისვა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე დაგეგმილ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებზე, ამ კონტექსტში ხაზი გაესვა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს და მის შესაძლო გავლენას ეკონომიკასა და ინვესტიციებზე, რომელთა შემოდინება გასულ წელს 24%-ით იყო შემცირებული“, - წერია რელიზში.
როგორც პრესრელიზიდან ირკვევა, კითხვებისა და დისკუსიის პარალელურად “ქალები მომავლისთვის” ბორდის თავმჯდომარე ნინა კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას გარკვეული წამახალისებელი მექანიზმები რეგიონებში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, რათა დაინტერესებულ მხარეებს მიეცეთ მოტივაცია, ადგილზე აამოქმედონ ხარჯეფექტიანი, ახალი ბიზნესები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას და გაზრდის ამ ადგილების ტურისტულ მიმზიდველობას.
თავის მხრივ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბიზნესთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
გარდა ამისა, როგორც რელიზში წერია, მინისტრთან შეხვედრაზე “ქალები მომავლისთვის” წევრებმა დისკუსია გამართეს კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობაზე, ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და დაგეგმილ ცვლილებებზე.
„შეხვედრაზე ხაზი გაესვა კომერციული არბიტრაჟის გაძლიერების აუცილებლობას, ასევე დღის წესრიგში დაისვა პრობლემა, რომელიც უკავშირდება არბიტრაჟში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოს მიერ აღსრულებას და ამ კუთხით კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის ერთობლივი მუშაობის სურვილი გამოითქვა.
დისკუსია შეეხო ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილ რეფორმებს, საერთაშორისო გადაზიდვებსა და ამ მიმართულებით საქართველოს პოტენციალს, შრომის ბაზრის პრობლემებსა და კვალიფიციური შრომისუნარიანი კადრების ქვეყნიდან გადინებას, ინოვაციური სტარტაპებისთვის დაანონსებულ გადასახადების განულებას და ა.შ.“, - აღნიშნულია პრესრელიზში.