მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გამჭვირვალობა ყველას მოეთხოვება“ - რას პასუხობს დავითაშვილი ე.წ. რუსულ კანონზე ბიზნესგაერთიანებების კრიტიკას?

ლევან დავითაშვილი
22.04.24 17:35
221

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ე.წ რუსულ კანონთან დაკავშირებით შინაარსობრივი განხილვები საპარლამენტო ფორმატში იქნება, სადაც კანონის მოწინააღმდეგე ოპოზიციას კითხვების დასმა, საზოგადოებას კი ამ კითხვებზე პასუხებიდან დასკვნების გამოტანა შეუძლია.

ამის შესახებ დავითაშვილმა კანონპროექტთან დაკავშირებით ბიზნესგაერთიანებების კრიტიკულ განცხადებებზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კითხვაზე, რატომ ვერ ახერხებს მთავრობა კანონის საჭიროებაში ბიზნესის/ინვესტორების დარწმუნებას, დავითაშვილი იმეორებს, რომ კანონპროექტის მიზანი გამჭვირვალობაა.

„საზოგადოება იხილავს, კანონის მიღების პროცესში იქნება უკვე შინაარსობრივი განხილვები საპარლამენტო ფორმატში. ვფიქრობ, ესაა სწორი ფორმატი, რომ ვიმსჯელოთ კონკრეტულ საკითხებზე. იცით, რომ პარლამენტში წარმოდგენილია სხვადასხვა პოლიტიკური ძალა, ეს არაა მხოლოდ უმრავლესობა, ამიტომ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებსაც განსაკუთრებული წინააღმდეგობა აქვთ ამ კანონის მიღებაზე, შეუძლიათ კონკრეტულ მუხლებზე, შინაარსზე დასვან კითხვები და საზოგადოება მოისმენს, რომ შეაფასონ, თუ რა არის ამ კანონის შინაარსის მიღმა, ყველა გაიგებს რა არის არგუმენტები და კონტრარგუმენტები და ვფიქრობ, თავის დასკვნებს გამოიტანს. თქვენ თქვით, რამდენად გვიჭირს ჩვენ ახსნა და ვერ ვახერხებთ ახსნას, ამ ნაწილში გპასუხობთ.

რაც შეეხება ბიზნეს გაერთიანებებს, ასევე ვეუბნები, რომ ვფიქრობ, გამჭვირვალობა უმაღლესი სტანდარტია, რომელიც მოეთხოვება ყველას, მათ შორის, განსაკუთრებით საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რადგანაც მათი ამოცანა საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებია, საზოგადოების ინტერესებს სწორად უნდა ემსახურებოდნენ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გამჭვირვალობის მოთხოვნა სრულად ლეგიტიმურია“,- განაცხადა დავითაშვილმა.

ჩაკითხვაზე, არის თუ არა მაგალითად, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი, რომლის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე აცხადებს, რომ ორგანიზაცია მსგავსი სტატუსით არ დარეგისტრირდება, დავითაშვილი პრემიერის მიერ გაკეთებულ განმარტებას იმეორებს.

„პირველ რიგში გეტყვით, რომ ფერმერთა ასოციაცია ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. მათ შორის, ემსახურება ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ქართველი და უცხოელიც, რომლებიც საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მუშაობენ, საქართველოსთვის ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ, მათ შორის ქალბატონი ნინოც, ამაზე არაა არანაირი კითხვა. როდესაც გამჭვირვალობის მოთხოვნაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ. რაც შეეხება უცხოური ძალების ინტერესების გამოხატვას, ამაზე პრემიერმა ძალიან მკაფიოდ და ძალიან სწორად ახსნა, ვფიქრობ, იმავეს გამეორება მომიწევს უბრალოდ. როდესაც დაფინანსების წყარო არის რომელიმე ქვეყანა, დაფინანსება რა თქმა უნდა, ხდება საკუთარი ინტერესის გასატარებლად. აქ ცალსახა ლოგიკაა. თუმცა უცხოური ძალის ინტერესი არ ნიშნავს, რომ ეს არის საზიანო ინტერესი და არ ემთხვევა ჩვენი ქვეყნის ინტერესს“,- განაცხადა დავითაშვილმა.

ე.წ. რუსულ კანონს კრიტიკული შეფასებით არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბიზნეს ასოციაცია გამოეხმაურა. ევროპული ბიზნეს ასოციაცია აცხადებს, რომ კანონპროექტი ბევრ რისკს შეიცავს, მათ შორის უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების მიმართულებით.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC), ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში (AmCham), გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება | DWV, საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა (CCIFG), საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, საქართველოს გადამხდელთა კავშირი მოუწოდებენ ხელისუფლებას, კარგად გააანალიზოს რისკები, რომელსაც ქვეყანას კანონის მიღება უქმნის და შეშფოთებით ადევნებენ თვალს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახლა ინიცირებას.

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AMCHAM) გამგეობა აცხადებს, რომ ბევრი ორგანიზაცია უარს იტყვის "უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის" იარლიყზე და დაიხურება, რაც საზიანო იქნება საქართველოსთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები