მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ დავრეგისტრირდებით... ასეთი იარლიყი არ უნდა გვქონდეს“ - ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე

ფერმერთა ასოციაცია

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე აცხადებს, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელი კანონის მიღების შემთხვევაში, ორგანიზაცია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად არ დარეგისტრირდება. ზამბახიძისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ჰქონდეს ორგანიზაციას ეს იარლიყი, მაშინ როდესაც გაერთიანება ქვეყნის აგროსექტორის განვითარებას, შესაბამისად ქვეყნის ინტერესებისთვის მუშაობს.

BM.GE-სთან საუბრისას ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ორგანიზაციას წევრობაზეა დაფუძნებული, თუმცა საწევრო გადასახადი არ აქვთ და ბიუჯეტის დაახლოებით 70% დონორების შემოწირულებაზე მოდის.

„მე არ მგონია, რომ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ვარ. მე ვემსახურება ჩემს ქვეყანას და ჩემთვის ნამდვილად ამოუხსნელია რატომ უნდა იყოს მიღებული ეს კანონი, რომელიც აფერხებს როგორც ევროკავშირთან ინტეგრაციას, ასევე ქვეყნისთვის ძალიან ბევრ გამოწვევას ქმნის. არ მესმის რას გვაძლევს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად დარეგისტრირება“, - აცხადებს ზამბახიძე.

კითხვას - კანონის მიღების შემთხვევაში, ფერმერთა ასოციაცია დარეგისტრირდება თუ არა რეესტრში, ნინო ზამბახიძე ასე პასუხობს: „ჩვენ არ დავრეგისტრირდებით. მე არ ვარ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი, მე ჩემი ქვეყნის ინტერესების გამტარი ვარ. ეს პრინციპი კი არ არის. ყველანაირ გამჭვირვალობისთვის მზად ვართ და ამაზე მეტად როგორ უნდა ვიყოთ გამჭირვალეები. ამ გადაწყვეტილების [კანონის] მიღება ძალიან მძიმე იქნება“.

გაერთიანების თავმჯდომარე იმასაც ამბობს, რომ თუ ხელისუფლებას არ სიამოვნებს ამ კანონის რუსულად მოხსენიება, შეუძლიათ მას საზიანო უწოდონ, თუმცა ამ ორ სახელწოდებას შორის განსხვავება არ იქნება, რადგან ის ქვეყნის ევროინტეგრაციასა და განვითარებას შეაფერხებს.

თუ ასეთი მტკივნეულია, ჩვენ შეგვიძლია, რომ ამ კანონს არ დავუძახოთ რუსული, მაგრამ დავარქვათ საზიანო კანონი. რა განსხვავებაა რუსულ კანონს და საზიანო კანონს შორის - არანაირი. ამ კანონზე ყველა ჩვენი უცხოელი პარტნიორი საუბრობს და ღია განცხადებებს აკეთებენ, რომ ეს ჩვენ ძალიან გვაფერხებს. მე არ მგონია, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი იყოს. ეს არ არის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების სიკეთეზე და არასიკეთეზე. არ გავცდები ჩემი ასოციაციის კომპეტენციას და ვიტყვი, რომ ქვეყანაში ძალიან დიდი რაოდენობის პროექტების ხორციელდება. დღეს რომ ქვეყანაში დონორი ორგანიზაციები არ არსებობდნენ, ჩვენ ახალ სახეებს, ახალ მეწარმეებს ვერ ვიხილავდით. სამთავრობო პროგრამებშიც დონორებს წილობრივი მონაწილეობა აქვთ. ეს [კანონის მიღება] შეაფერხებს არამხოლოდ ქვეყნის ევროინტეგრაციას, არამედ მეწარმეობის განვითარებას და ა.შ.“, - აცხადებს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე.

გამჭვირვალეობაზეა საუბრისას, გამოსავლად ზამბახიძე შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის დეკლარაციების წარდგენას მიიჩნევს.

„ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია აბსოლუტურად გამჭვირვალეა. ჩვენ დონორების პროექტებს ვახორციელებთ და ხორციელდება აუდიტი, რეპორტი მიეწოდება დონორებს. თუ კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობა უნდათ, შეუძლიათ საგადასახადო კუთხით გააკეთონ რამე ან დეკლარაცია შეივსოს და არა ის რომ დარეგისტრირდე, როგორც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი.

გამოსავალი პირველ რიგში ის არის, რომ სხვადასხვა უწყებებზე გადანაწილდეს საშემოსავლო, საგადასახადო, დეკლარაცია თუ რაც უნდათ, მეორე - ასეთი იარლიყი არ უნდა გვქონდეს. ასეთი დასახელებით არც ერთი კანონი არ უნდა არსებობდეს, რომელიც ჩემი აზრით, არაფრის მომცემია“, - განაცხადა ნინო ზამბახიძემ და დასძინა „მგონია, რომ ქართველები გონიერი ხალხი ვართ და ამ კანონის მიღებას თავად პარლამენტში არ დაუშვებენ“.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წარმოადგენს 2012 წელს დაფუძნებულ ქოლგა ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს 5000-ზე მეტ ფერმერს, ფერმერთა ჯგუფებს, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის ასოციაციებს. ორგანიზაციის მიზანი და ხედვაა ფერმერთა შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობით გაზარდოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა ქვეყანაში, გააერთიანოს ფერმერთა ხმა მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით, ხელი შეუწყოს ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და მათ მიერ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილის დაფასებას. ასოციაციის ძირითადი საქმიანობა ეფუძნება ფერმერთა ადვოკატირებას, შესაძლებლობების განვითარებას და კავშირების დამყარებას ფერმერების და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული სექტორების გასაძლიერებლად. ასოციაცია შუამავლის როლს ასრულებს და ნერგავს საკომუნიკაციო მექანიზმებს მთავრობასთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან, იცავს ფერმერთა ინტერესებს აგროინდუსტრიასთან დაკავშირებული პოლიტიკის განმსაზღვრელთან, დონორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩართულია ფერმერების საქმიანობის განვითარებისთვის ხელშემწყობი შესაბამისი პოლიტიკის და ქმედებების განხორციელების პროცესში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები