მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის დიდი ნაწილი არ ჰყვება პანიკას... მერწმუნეთ, საქართველოს ეკონომიკა არ ჩამოიშლება - ლევან დავითაშვილი

ბიზნესთან შეხვედრა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ირწმუნება, რომ "საქართველოს ეკონომიკა არ ჩამოიშლება".

არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს გაერთიანება თუ ბიზნესმენი უკვე აქტიურად საუბრობს, რომ „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით შეშფოთების ფონზე, საინვესტიციო პროექტები თუ გადაწყვეტილება შეჩერებულია. ამის საპირისპიროდ, ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ პროცესებსა და პოლიტიკურ ვითარებას შორის კავშირს ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი დროებითია, ბიზნესი კი დამაჯერებლად იქცევა და პანიკას არ ჰყვება. დავითაშვილის თქმით, ბიზნესს აქვს საკმარისი ნდობა ხელისუფლებისადმი, რომ მნიშვნელოვანი საინვესტიციო გადაწყვეტილებები არ შეცვალოს.

ლევან დავითაშვილმა BMG-ის კითხვებს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე უპასუხა.

BMG: ბიზნესმენების რამდენიმე ციტატას წაგიკითხავთ, თამაზ დაუშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში, სადაც პრობლემა ექმნება ევროპულ პერსპექტივას, სრულად იცვლება ბიზნესისა და ეკონომიკის სტრუქტურა”. ლაშა პაპაშვილის თქმით, “ზაფხულის ტურისტული სეზონი მოდის, მაგრამ უკვე ათობით მილიონი დოლარის ჯავშნები გაუქმდა. გავიხსენოთ, რა მოხდა საქართველოში 1992-1993 წლებში და არ ჩამოვშალოთ ეკონომიკა”. კახა ხაზარაძე აცხადებს, რომ “საუბარი აღარ არის დამატებით ინვესტიციებზე, უცხოელი პარტნიორები შეშფოთებულები არიან”. ზურაბ ლალაზაშვილის შეფასებითარავის ჰქონდა გააზრებული, რა გავლენას მოახდენდა "რუსული კანონი" ეკონომიკაზე”.

მინდა გულწრფელად მიპასუხოთ, მართლა არ გქონდათ გააზრებული ამ კანონს რომ აბრუნებდით, როგორ აისახებოდა ეკონომიკაზე, ბიზნესის გეგმებზე?

ლევან დავითაშვილი: გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია ბიზნესთან. მათ შორის მათთან, ვინც ჩამოთვალეთ და მათ შორის, მათ კომენტარებზე. ხშირ შემთხვევაში ეს კომენტარები აბსოლუტურად სხვა რამეს გულისხმობდა. მაგალითად, იგივე ბატონი ლაშა პაპაშვილის მოწოდება იყო, რომ გვინდა სტაბილურობა, ნუ შევქმნით დაძაბულობას.

BMG: ვინ შექმნა დაძაბულობა? შარშანდელი პროტესტი დაგავიწყდათ და იგივე კანონი შემოიტანეთ.

ლევან დავითაშვილი: ჩვენ ბიზნესთან გვქონდა შეხვედრა, მათ შორის პრემიერის ხელმძღვანელობით. იყო აბსოლუტურად ღია, გულწრფელი დიალოგი. ვფიქრობ, ბიზნესმა მოისმინა ყველა არგუმენტი და ყველას კითხვას, რომელიც დაისვა, გაეცა პასუხი. ვფიქრობ, ბიზნესს რაიმე კითხვა არ დარჩენია, თუმცა გვესმის, რომ ეკონომიკური პროცესები არის ძალიან მგრძნობიარე. ამიტომ ვამბობ ხოლმე, რომ არის რაღაც ზღვრები, პოლიტიკური ოპონირების, რომელიც არ უნდა გადაილახოს. ესაა სწორი პოლიტიკაში, რომელ მხარესაც არ უნდა იყო. ვნებდე შენს ოპონენტს მისაღებია და გასაგებია, რომ ოპოზიცია შეიძლება ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მოქმედებდეს, მაგრამ მოქმედებდეს საკუთარი ხალხის და მისი ეკონომიკის წინააღმდეგ, ეს არაა მისაღები.

BMG: რა ჰქვია მთავრობას, რომელიც საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ მოქმედებს და იმ საფრთხეებს უქმნის, რაზეც მთელი თვეა ყველა მიუთითებს?

ლევან დავითაშვილი: საქართველოს მთავრობამ შექმნა ის ევროპული პერსპექტივა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ.

BMG: დღეს რას აკეთებს საქართველოს მთავრობა?

ლევან დავითაშვილი: მთავრობა 2012 წლიდან დღემდე იყო თანმიმდევრული ევროპული ინტეგრაციის გზაზეც. საქართველოს მთავრობის პირობებში მოხდა მშპ-ს გასამმაგება, ყველა ის პროგრესი, რომლის არ დაზიანებაზეც დღეს ვსაუბრობთ. ამიტომ ვფიქრობ, არის რაღაცები, რომელზეც უფრო ფრთხილი უნდა ვიყოთ.

BMG: პირველ რიგში ხელისუფლება?

ლევან დავითაშვილი: მათ შორის ხელისუფლება, რა თქმა უნდა თავისი პასუხისმგებლობას აცნობიერებს.

BMG: გააზრებული გქონდათ რა მოჰყვებოდა „რუსულ კანონს“?

ლევან დავითაშვილი: რუსული არ არის, კანონს ჰქვია სხვა რამ. რაც ჰქვია ის არის მნიშვნელოვანი. გამჭვირვალობასთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა და ამის მზაობა არსებობს. ეს სხვა საკითხია, ეს არაა დაკავშირებული ეკონომიკურ პროცესებთან, ამის დაკავშირებას ხელოვნურად ცდილობენ და ცდილობენ, რომ ეს ნეგატიურად აისახოს ეკონომიკურ პროცესებზე.

BMG: დღეს თქვენ რომ ბიზნესში იყოს, ევროკავშირი, ამერიკა, ამბობდნენ გაიწვიეთ კანონი, ასე ვერ მიხვალთ ევროკავშირამდე, თავი რომ დავანებოთ ქუჩაში მყოფ მოსახლეობას, რას იზამდით, არ შეაჩერებდით საინვესტიციო თუ სხვა გადაწყვეტილებებს, არ შეგეშინდებოდათ, რატომ გიკვირთ ბიზნესის ქცევის?

ლევან დავითაშვილი: ბიზნესის ქცევის არ გვიკვირს. ძირითადად, ბიზნესი არის ძალიან დამაჯერებელი, თანმიმდევრული, ბიზნესის დიდი ნაწილი არ ჰყვება პანიკას ამიტომ, ჩვენ გვექნება სტაბილური ეკონომიკური პროცესები.

BMG: რატომ არ გესმით იმ საფრთხეების, რომელზეც ბიზნესი საუბრობს?

ლევან დავითაშვილი: ეს არის ყველაფერი დროებით, რამდენადაც გადაივლის ეს ცხელი ეკონომიკური პროცესი, ყველაფერი დაუბრუნდება თავის სტაბილურ განვითარებას. მერწმუნეთ, რომ საქართველოს ეკონომიკა არ ჩამოიშლება. შეიძლება, ბიზნესი უფრო ფრთხილია ვიდრე სხვა, მაგრამ ბიზნესს აქვს საკმარისი ნდობა საქართველოს ხელისუფლების, რომ ძირითადი მნიშვნელოვანი საინვესტიციო გადაწყვეტილებები არ შეიცვალოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები