ქალები პარლამენტში დამსახურების, პროფესიონალიზმის მიხედვით უნდა მოხვდნენ და არა კვოტირების - ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი საფუძველი „გირჩის“ ინიციატივაზე დათანხმების სწორედ ეს იყო.
"გირჩის ინიციატივას არა მხოლოდ მოლაპარაკების გამო დავთანხმდით, არამედ ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იყო ის, რომ ამიერიდან საქართველოს პარლამენტში ქალები დამსახურებისა და პროფესიონალიზმის და არა კვოტირების მიხედვით მოხვდნენ. ასევე ამის მიხედვით უნდა მოხვდნენ თვითმმართველობის არჩევით ორგანოებში. ჩვენ გადავლახეთ ის ეტაპი, როდესაც ამას გარკვეული პოზიტიური დისკრიმინაცია შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მიუხედავად ამისა, დღეს ვართ იმ ეტაპზე, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, ქალების უფლებები და აქტიურობა ისეთ დონეზეა, რომ მათ თავიანთი ადგილის მოპოვება დამსახურებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით შეუძლიათ. აბსოლუტური უმრავლესობით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ, - განაცხადა მან.
„გირჩში“ განაცხადეს, რომ „ქართული ოცნება“ გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას მხარს თუ დაუჭერს, „გირჩი“ ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს მხარს. ინიციატივას ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობაც და სანაცვლოდ ელოდება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის საკითხს „გირჩი“ პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისათვის არ გამოიყენებს.
პარლამენტმა ბიუროს სხდომაზე უმრავლესობამ "გირჩის“ მიერ ინიციირებულ ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ პირველი მოსმენით ინიციატივა 3 აპრილს განიხილება, მეორე მესამე მოსმენა კი, 4 აპრილს შედგება.
არსებული რედაქციით, გენდერული კვოტირების სისტემა 2032 წლამდე უნდა ყოფილიყო ძალაში. 2020 წელს "გირჩმა" კვოტირების ჩანაწერი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა და პარლამენტის პროპორციულ პარტიულ სიებში ქალების 25%-იანი კვოტები ძალაში დატოვა. თუ ამ კვირაში, უმრავლესობისა და "გირჩის" მოლაპარაკების შედეგად საარჩევნო კოდექსში ცვლილებები განხორციელდება, პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება სიაში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის პირი ჩაწერონ.