საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, განკარგულებები და დადგენილებები გასაჯაროვდება. კობახიძის მეთაურობით გამართული პირველი სხდომის შემდეგ, გადაწყვეტილება დაადასტურეს მინისტრებმაც.
კობახიძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეც. მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სერვისების გაუმჯობესება, როგორც საქართველოს, ასევე ყველა ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევაა.
„ბიუროკრატიული საკითხები ხომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. კონკრეტული მაგალითი შემიძლია, გითხრათ – არაერთი ამბავი მსმენია, რომ მაგალითად, 10-დღიანი ვადა აქვს რაღაც ინფორმაციის გაცემის საჯარო სამსახურებს და დღემდე შემორჩენილია ბიუროკრატიული ხარვეზი, რომ მაინცდამაინც მეათე დღის ბოლოს აგზავნის ვიღაც პასუხს. ამით მოქალაქეები, ბუნებრივია, ღიზიანდებიან და ამას გამოხატავენ. სწორედ ეს გზავნილი იყო დღეს პრემიერის მეორე მკაფიო გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ სერვისები უნდა გაუმჯობესდეს და თუ შესაძლებელია, რომ კონკრეტულმა ადამიანმა მოქალაქეს თავის განცხადებასთან, თავის პრობლემასთან დაკავშირებით მეორე ან მესამე დღეს გასცეს პასუხი, ამას არ სჭირდება არც ათი დღე და, სამწუხაროდ, ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც ეს თვეობით გრძელდება.
ბუნებრივია, ვადები არის იმისთვის, რომ, როდესაც რთული საკითხებია, შეიძლება, რთულ საკითხებს დასჭირდეს დღეები და რაღაცის შესწავლას ცოტა კიდევ მეტი, მაგრამ მაშინ, როდესაც შესაძლებელია, საკითხები მარტივად, უფრო მალე გადაწყდეს, არ უნდა დაელოდოს რომელიმე საჯარო მოხელე ან მოსამსახურე იმ ვადას, რომ მაინცდამაინც, აი, მე ათი დღე მაქვს და ბოლო დღეს გავუშვებ ამ წერილზე პასუხს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.