მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალთა ტექნოლოგიური განათლების მხარდასაჭერად Binance-მა GITA-ს $100 ათასი გამოუყო

6405ce5539e60
გიორგი არონია
07.03.23 00:10
651
ქალთა საერთაშორისო დღის პატივსაცემად, მსოფლიოს უდიდესმა კრიპტობირჟა Binance-მა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ასი ათასი დოლარი გამოუყო. ეს თანხა Web3-ტექნოლოგიების მიმართულებით განათლებისა და ტრენინგების მხარდაჭერას მოხმარდება და მისი მთავარი აქცენტი ქალთა განათლება იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია "ბიემჯის" თავად კრიპტობირჟამ მიაწოდა.

როგორც ირკვევა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, საგანმანათლებლო პროგრამის აღსრულებაზე პასუხისმგებლობას Binance Academy-ი აიღებს. პროექტის ფარგლებში რამდენიმე  კურსი შეიქმნება, რომელთა ფარგლებში მომხმარებლები კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის საფუძვლებს და ბლოკჩეინ-დეველოპმენტს შეისწავლიან. ამასთანავე, ადგილების მინიმუმ ნახევარი გამოყოფილი იქნება ქალი მოსწავლეებისთვის.

Binance-თან თანამშრომლობას საქართველოს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტრატეგიული პროექტების მენეჯერი, სალომე ნაფეტვარიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს პროექტი სახელმწიფო ინიციატივებში კერძო სექტორის ჩართულობის ნათელი მაგალითია. "Binance-სა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის იმ არაერთ შეხვედრას შევუწყვეთ ხელი, რომლებზეც მხარეებმა ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის მიხედვით სინერგიული პროექტები და ახალი საგანმანათლებლო პროგრამები განიხილეს. მოუთმენლად ველით იმ არაერთ წარმატებას, რომელიც ამ პარტნიორობიდან გვესახება", - აღნიშნავს სალომე ნაფეტვარიძე. 

თანამშრომლობას გამოეხმაურა Binance Charity-ის ხელმძღვანელიც: "ვამაყობთ GITA-სთან ჩვენი ახალი პარტნიორობით, რომელიც სწავლის მიმართ არსებული ფინანსური ბარიერების მოხსნითა და ახალი კურსების შემუშავებით Web3-ინდუსტრიის დივერსიფიცირებას ისახავს მიზნად. ქალთა საერთაშორისო დღის პატივსაცემად, ხელმისაწვდომი ას ოთხმოცი სასტიპენდიო ადგილიდან ასი - ქალებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. საქართველო მოწინავე სახელმწიფოა ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით, თანაც ქვეყანაში უკვე არის Web3-ინდუსტრიაში არსებული ინოვაციებითაა დაინტერესებული ნიჭიერი ქალების ჯგუფიც. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს სტიპენდია მათ საშუალებას მისცემს საკუთარი მისწრაფებებისკენ სვლა განაგრძონ და ამით, საქართველოს ქალთა ტექნოლოგიურ ცენტრად გადაქცევას ხელი შეუწყონ“, - ვკითხულობთ Binance Charity-ის ხელმძღვანელის, ჰელენ ჰეის განცხადებაში.

აღნიშნული ინიციატივა Binance-ისა და GITA-ს თანამშრომლობის ნაწილია, რომლის შესახებ მემორანდუმი მხარეებმა ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში გააფორმეს. თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აღნიშნულ ინიციატივაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და Binance-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ჩანგპენგ ჟაო ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში შეთანხმდნენ, როცა მეწარმე საქართველოს საქმიანი ვიზიტით ესტუმრა.

ცნობისთვის: ეს არ არის პირველი ინიციატივა, რომელსაც Binance-ი საქართველოში ახორციელებს. როგორც ბიემჯისთვის გახდა ცნობილი, მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU), ალტე უნივერსიტეტთან და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთანაც თანამშრომლობს. გასულ წელს კი, Binance-მა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა თიბისისთანაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები