მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქაოსს წერტილი უნდა დაესვას" - რატომ გაძვირდა დენი და რა როლი აქვს სახელმწიფოს?| ინტერვიუ

გიორგი აბრამიშვილი

კომპანია Energy Solutions-ის მმართველი პარტნიორი და „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი სემეკის მიერ დენის ტარიფის გაზრდას არაპოპულარულ, თუმცა აუცილებელ ნაბიჯად აფასებს. "აუცილებელია თანმიმდევრული და გრძელვადიანი პოლიტიკა ახალი გენერაციის ობიექტების შესაქმნელად“, - განაცხადა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში გიორგი აბრამიშვილმა, რომელსაც მიაჩნია, რომ ადგილობრივი განახლებადი ენერგორესურსის ათვისება და ენერგეტიკული ბირჟის გახსნა ტარიფებსაც უფრო პროგნოზირებადს და სამართლიანს გახდის. კომპანია Energy Solutions-ის მმართველმა პარტნიორმა გრძელვადიანი და სწორი სახელმწიფო დაგეგმარების მაგალითად მოიშველია მეზობელი თურქეთი. მისი შეფასებით, თურქეთის მთავრობამ ინვესტიციებისა და ხელშეწყობის მექანიზმების წყალობით საკუთარი ენერგორესურსები მაქსიმალურად აითვისა და შედეგად, დღეს, თურქეთში ელექტროენერგიის ფასი დაბლა მოდის და იმაზე იაფია, ვიდრე - საქართველოში, რაც იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების პირდაპირი შედეგია.

ინტერვიუ გიორგი აბრამიშვილთან

- სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფის 5 თეთრით გაზრდით საკმაოდ არაპოპულარული გადაწყვეტილება მიიღო - ფაქტობრივად, არჩევანი გაკეთდა ფასის მატებასა და დენის ხშირ გათიშვას შორის... თუმცა ტარიფის ფორმირებაზე მხოლოდ ენრეგოქსელში განხორციელებული ინვესტიციები არ მოქმედებს და ჩნდება ლოგიკური კითხვა - სტაბილური ელექტრომომარაგების ფასს მარტო მომხმარებელი უნდა იხდიდეს? რა პასუხისმგებლობა აკისრია მთავრობას/ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც ენერგეტიკულ პოლიტიკას წარმართავს? მაგალითად, რა შეიცვლებოდა დღეს, მეტი ჰიდროელექტროსადგური რომ აშენებულიყო ბოლო წლებში ან ენერგეტიკული ბირჟის გახსნა 6-ჯერ არ გადავადებულიყო?

- დიახ, [სემეკის გადაწყვეტილება] ერთი მხრივ, მართლაც საკმაოდ არაპოპულარული იყო, თუმცა მეორე მხრივ, გრძელვადიან პერსპექტივაში ის ბევრად მეტ სარგებელს მოგვიტანს, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს... პირველ რიგში, საკითხი ეხება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გამართულობას. სისტემის გამართულობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მომხმარებლამდე უწყვეტი ელექტროენერგია მივიდეს, არამედ მეორე მხარეს - თავად გენერაციის ობიექტებისთვისაც, რომლებიც ამ ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილია; მათაც უნდა შეძლონ ელექტროენერგიის უწყვეტი გენერირება. სამწუხაროდ, ჩვენს ქსელში ეს პრობლემები მუდმივად არსებობს. ყოველთვის ხდება ხოლმე ტარიფის მცირე ბიჯებით გაძვირება, რაც რეალურად მხოლოდ ე.წ. „ცეცხლის ჩაქრობას“ ემსახურება - ანუ, სადაც საავარიო სიტუაციაა, მხოლოდ იქ ხდება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და პრობლემის მყისიერი მოგვარება. თუ არ მოხდა გრძელვადიანი დაგეგმვა და, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი თანხის ინვესტირება ჩვენს ქსელში, საბოლოო ჯამში, ეს ტვირთი ისევ ჩვენ დაგვაწვება. სწორედ ამ ინვესტიციებმა შეიძლება განაპირობოს ის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სამომხმარებლო ტარიფის გაძვირება კარგა ხნით არ მოგვიწიოს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი არაპოპულარულია, ის უმნიშვნელოვანესია ჩვენი ენერგოსისტემის გასაუმჯობესებლად.

- გასაგებია, რომ თუ ენერგეტიკა მიმზიდველი არ იქნება, ინვესტორები ამ დარგში ფულს არ ჩადებთ, თუმცა რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ტარიფის ზრდა ასე მწვავედ არ აისახოს მოქალაქეებზე ანუ რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება დღეს ენერგოსექტორს მთავრობისგან, რომ ეს პროცესი უფრო დაბალანსებული გახდეს?

- აუცილებელია თანმიმდევრული და გრძელვადიანი პოლიტიკა ახალი გენერაციის ობიექტების შესაქმნელად. შესაძლოა, საწყის ეტაპზე ეს ობიექტები, განსაკუთრებით კი დიდი და მსხვილი პროექტები, ძვირად მოგვეჩვენოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ინვესტიცია დანამდვილებით ამოიღებს თავის უკუგებას. სტაბილურობა იქნება გარანტი იმისა, რომ იმპორტირებული ელექტროენერგია აღარ გაგვიძვირდება. სხვათა შორის, სემეკის განცხადებაშიც ზუსტად ეს იყო აღნიშნული: ტარიფის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ინფრასტრუქტურასთან ერთად, სწორედ იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასის მატება გახდა; იმპორტზე როდესაც ვართ დამოკიდებულნი, ასეთი რადიკალური ნაბიჯები და ფასის მკვეთრი ზრდა [ხშირად გარდაუვალია]. მოგეხსენებათ, რა ხდება დღეს გეოპოლიტიკურად ჩვენს გარშემო, როგორია ფასები ნავთობსა და საწვავზე. აქედან გამომდინარე, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ჩვენი მთავარი იმპორტიორები - რუსეთი და აზერბაიჯანი, რომლებიც თავად არიან ნავთობსა და გაზზე დამოკიდებული ქვეყნები, ფასებს კიდევ უფრო გაზრდიან. თუ მათი ფასი გაიზარდა, შესაბამისად, ჩვენთანაც მოიმატებს ტარიფი. ამ დროს კი ჩვენ გვაქვს საკუთარი განახლებადი, მწვანე რესურსი, განსაკუთრებით ჰიდრორესურსი, ასევე მზისა და ქარის ენერგია, რომელსაც ფაქტობრივად არ ვიყენებთ. შესაბამისად, სრულად დამოკიდებულები ვართ სხვის ფასწარმოქმნასა და პოლიტიკაზე...

- კონკრეტიზაცია ნაკლებად ჩანს, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრო მენეჯმენტი აცხადებს, რომ ხუდონჰესი, ნამახვანჰესი და ნენსკრაჰესი აშენდება და მათგან პირველი იქნება ხუდონი... დღეს რომ ეს ჰიდროელექტროსადგურები გვქონოდა, ტარიფი არ გაიზრდებოდა მოსახლეობისთვის თუ ამდენად არ გაიზრდებოდა?

- მთავარი დაგეგმარება და თანმიმდევრულობაა. [საკუთარი გენერაციის] პირობებში ჩვენ გვექნებოდა შესაძლებლობა, მომდევნო 10-15 წელი წინასწარ დაგვეგეგმა, რადგან გვეცოდინებოდა ჩვენი რესურსის ფასი. კარგად მახსოვს, როდესაც ნამახვანჰესის პროექტი შეჩერდა, ზუსტად იმავე წელს მოგვიწია რუსეთიდან ზუსტად იმავე რაოდენობის (მილიარდ-ნახევარი კილოვატ-საათის) იმპორტირება, რაც ნამახვანს უნდა გამოემუშავებინა. ნამახვანჰესის ტარიფი, თუ სწორად მახსოვს, 6.25 ცენტი იყო. ისიც მხოლოდ 8 თვის განმავლობაში, დანარჩენ დროს კი თავისუფალ ბაზარზე უნდა გაეყიდა ენერგია. ეს მოგვცემდა საშუალებას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში დაგვენახა რეალური სურათი. შესაბამისად, სემეკი გააკეთებდა კალკულაციებს ამ მონაცემებზე დაყრდნობით და ტარიფში აღარ ჩადებდა იმ რისკ-ფაქტორსა და ბუფერს, რომელიც ახლა სავარაუდოდ, გათვალისწინებულია იმ შემთხვევისთვის, თუ იმპორტის ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება. ასე რომ, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: [საკუთარი გენერაციის პირობებში] ტარიფი ან ნაკლებად გაიზრდებოდა, ან გაძვირება შორს გადაიწევდა...

- თავისუფალი ბაზარი რადგან ახსენეთ, გვერდს ვერ ავუვლით ენერგეტიკულ ბირჟას, რომლის გახსნის ექვსჯერ გადავადებას მთავრობა ბიზნესის მოუმზადებლობით ხსნის, ბიზნესის ნაწილი კი - ხელისუფლების შიშით, მკვეთრად არ გაიზარდოს ტარიფი, როდესაც მიწოდება არც ისე მაღალია... დღევანდელი გადმოსახედიდან, რამდენად შეარბილებდა ბირჟის არსებობა ტარიფის ზრდას? იქნებოდა თუ არა თავისუფალი ფასწარმოქმნა უფრო ეფექტიანი დამცავი მექანიზმი მომხმარებლისთვის?

- იცით, ზოგადად ეკონომიკის პრინციპი ასეთია: რაც უფრო თავისუფალი და თვითრეგულირებადია ბაზარი, მით უფრო ჯანსაღი და მდგრადია ის. რაც უფრო მეტია რეგულირება და ჩარევა - იქნება ეს პოლიტიკური, სოციალური თუ სხვა ფაქტორებით, ეს აუცილებლად სადღაც მერე უკან გვიბრუნდება და ისევ ჩვენს ჯიბეზე აისახება.

- ყველაფრის ფასს ისევ მომხმარებელი იხდის...

- ზუსტად, ისევ ჩვენ ვიხდით. აქედან გამომდინარე, ენერგეტიკული ბირჟა ნამდვილად დაგვეხმარებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის, გენერაციის ობიექტებისთვის, ბაზრის გახსნას ბევრი დამატებითი ტვირთი მოჰყვება, მიმაჩნია, რომ ეს სწორი და სამართლიანი გზაა. საუბარია სამართლიანი ფასწარმოქმნის სისტემის შემოღებაზე: რამდენიც არის მოთხოვნა, იმდენივე იყოს მიწოდება და ფასიც საბაზრო პრინციპით დარეგულირდეს. თუ სახელმწიფოს სურს სოციალური ფაქტორის გათვალისწინება (რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია), მან მოწყვლადი მოსახლეობისთვის ცალკე სუბსიდირება უნდა განახორციელოს. ამის გაკეთება ახლაც შესაძლებელია, ვისთვისაც ტარიფის გადახდა რთულია, მათი სუბსიდირება ძალიან მარტივად შეიძლება... გადაცემა „საქმიან დილაში“ წარმოდგენილი იყო პატარა ცხრილი იმის შესახებ, თუ როგორია ჩვენი ტარიფები რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით. ჩვენი ტარიფის სიძვირე მხოლოდ იმის ხარჯზეა, რომ მეზობლებმა საკუთარი რესურსი აითვისეს. მაგალითად, თურქეთი - კარგად მახსოვს, როცა ამ სფეროში ბიზნესს ვიწყებდი (2012-2013 წლებში), ვგეგმავდით, რომ თურქეთის ტარიფი მაღლა წავიდოდა, რადგან მაშინდელი ბაზარი ძალიან დეფიციტური იყო, თუმცა მათმა მთავრობამ იმდენი ინვესტიცია განახორციელა და ხელშეწყობის იმდენი ინსტრუმენტი შესთავაზა ბიზნესს, რომ დღეს თურქეთში ფასი დანამდვილებით დაბლა მოდის. აი, ეს არის გრძელვადიანი გათვლა. თურქეთში ახლა [სამომხმარებლო] ტარიფი, დაახლოებით, 19 თეთრია, ჩვენთან კი ეს ფასი სულ იზრდება და იზრდება.

- და თუ ადრე ექსპორტიორი ქვეყანა ვიყავით, ახლა პირიქით - ელექტროენერგიის შემოტანა გვიწევს...

- დიახ, ასეა. თურქული ენერგიაც კი შემოგვაქვს, რადგან იქ ფასი საგრძნობლად შემცირდა. შესაბამისად, იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენგან მოხდეს ენერგიის გატანა და ექსპორტირება, თუნდაც გაზაფხულის თვეებში, როცა ჭარბი ენერგია გვაქვს, სამწუხაროდ, წლიდან წლამდე ამის ალბათობა მცირდება.

- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?

- პირველ რიგში, ქაოსსა და უსისტემობას. ჩვენს სფეროში ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ენერგეტიკა გრძელვადიანი ბიზნესია. აქ გადაწყვეტილების მიღება და შედეგის მიღწევა კვირებში ან თვეებში არ ხდება. თავად პროექტების განხორციელებას წლები სჭირდება, ხოლო ინვესტირებული კაპიტალის უკუგებას - ათეულობით წელი. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი სისტემურობა. პროცესები არ უნდა იყოს დამოკიდებული ქაოსურ გარემოებებზე ან ვინმეს ინდივიდუალურ კეთილგანწყობაზე.

- იკვეთება თუ არა დღეს კონტურები იმისა, რომ მთავრობა თანმიმდევრულ ენერგოპოლიტიკას ავითარებს?

- დიახ, ყოველ შემთხვევაში, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა აქტიურად მიმდინარეობს. არსებობს სურვილი, რომ შეიქმნას მყარი, თანმიმდევრული ხედვა და ვნახოთ, ეს რა შედეგს მოგვიტანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები