მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქარელში ხორცში ბოტულიზმის შემთხვევა გამოვლინდა - ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

ბოტულიზმი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 20 მაისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შეტყობინება შევიდა შიდა ქართლში ბოტულიზმის შემთხვევის გამოვლენის შესახებ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შეტყობინების მიღებისთანავე შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა მოკვლევა დაიწყეს. მათ ქარელში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სარეალიზაციო ობიექტში — მაღაზია „ახალი ხორცი“ — ჩაატარეს არაგეგმური ინსპექტირება. სწორედ ამ მაღაზიაში შეიძინა შებოლილი ლორი მოქალაქემ, რომელსაც მოგვიანებით ბოტულიზმის დიაგნოზი დაუდგინდა.

მაღაზიაში (ი/მ „ბესიკ ნაყიშაშვილი“) კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა, თუმცა ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა ვადაგასული სურსათის რეალიზაციისთვის.

სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები განხორციელდა შებოლილი ლორის მწარმოებელ ობიექტზეც — ი/მ „ვახტანგ ლომიძე“ (ქ. ხაშური, იმერეთის ქ. N54). სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საწარმოში აღმოჩენილია არაერთი დარღვევა, მათ შორის კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

დადგინდა, რომ მეწარმე საქმიანობდა რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე, არ იყო დაცული მიკვლევადობის მოთხოვნები და საწარმოში არ მოქმედებდა სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა (HACCP).

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ საეჭვო პირობებში დამზადებული ან შებოლილი ხორცის, თევზის და დაკონსერვებული სურსათის მოხმარებისგან.

ბოტულიზმი მწვავე ტოქსიკო-ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა. პროფილაქტიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სანიტარიული და ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვა საკვების შენახვისა და გადამუშავებისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები