მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქარი მოგწონთ? მზე? თუ იმპორტი? რა არის თქვენი ალტერნატივა?“ - მინისტრი "მწვანე ალტერნატივას"

604764cc88f6e
ინგა მურუსიძე
09.03.21 16:03
2644
უკვე რამდენიმე საათია საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მონაწილეობით „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებიან. მას შემდეგ, რაც მინისტრებმა მოხსენება გააკეთეს, დაინტერესებულმა მხარეებმა არაერთი კითხვა დასვეს, რომელსაც მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები პასუხობენ.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ მისამართით რეპლიკა ჰქონდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსაც.

„ქარის სადგურების პროექტებს რაც შეეხება, რამდენჯერაც წამოვიწყეთ, იმდენჯერ გაგვისაჩივრა „მწვანე ალტერნატივამ“... ქარი მოგწონთ? მზე? ჰიდრო? თუ იმპორტი? რა არის თქვენი ალტერნატივა?“, - მიმართა თურნავამ „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელს დათო ჭიპაშვილს.

თავის მხრივ, დავით ჭიპაშვილის თქმით, "საერთაშორისო მნიშვნელობის გადამფრენი ფრინველების გზაზე ან ძალიან მნიშვნელოვანი ფრინველების ჰაბიტატების სიახლოვეს, არ შეიძლება ასეთ ადგილას ქარის სადგური აშენდეს".

ამასთან, მან მინისტრი იმის გამოც გააკრიტიკა, რომ ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას აქცენტი ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე არ გაუკეთებია.

„ამდენი ხანია საუბრობთ და ერთი სიტყვითაც არ გიხსენებიათ ენერგოეფექტურობა; მარტო ეს აჩვენებს თქვენს მიმართებას... ეს სირცხვილია. გარდა ამისა, დეპუტატ მაია ბითაძეს ჰკითხეთ, ის გეტყვით, „მწვანე ალტერნატივის“ როგორი პარტნიორი იყო ჰოლანდიის გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისია. ის არის მსოფლიო მასშტაბის ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელსაც მნიშვნელოვანი სუპერვაიზინგი აქვს გაკეთებული, როგორც ხუდონჰესის პროექტზე, ასევე, სხვა დიდ კაშხლოვან ჰესებზე“, - მიმართა დათო ჭიპაშვილმა ნათია თურნავას.

ცნობისთვის: 28 თებერვალს ქუთაისში, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა ნამახვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. ძირითადი ინვესტორი და პროექტის 90%-იანი წილის მფლობელი 63-წლიანი ისტორიის მქონე თურქული კორპორაცია ENKA-აა (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.). ENKA-ში აცხადებენ, რომ საქართველოში მიმდინარე პროექტში 2000-მდე ადამიანს დაასაქმებენ, რომელთაგან 80% საქართველოს მოქალაქე იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები