მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქარის ელექტროსადგურები უბალანსობაზე პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლდნენ - ასოციაცია

636a30be9d0e7
მარიამ ვარადაშვილი
12.11.22 20:00
817
ოქტომბერში მთავრობამ ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვის ახალი მოდელი ოფიციალურად წარადგინა. საუბარია ფასთაშორისი სხვაობის დაბრუნების სქემაზე, ე.წ. CFD-ზე, რომლითაც, პრემიერის ინფორმაციით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1 500 მგვტ სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობა იგეგმება.

კონტრაქტით გათვალისწინებული ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, სახელმწიფო ამ კომპანიებს დამატებით თანხას გადაუხდის. საუბარია იმ შემთხვევაზე, როცა ენერგეტიკულ ბირჟაზე საბაზრო ფასი კონტრაქტით გათვალისწინებულზე დაბალი იქნება. ახალი მექანიზმი გავრცელდება როგორც ჰიდრო, ასევე სხვა განახლებად ენერგიებზე.

"უსასრულო ენერგიის" დამფუძნებელს, თორნიკე ბახტურიძეს დაფინანსების ახალი მოდელი მოსწონს, თუმცა დასძენს, რომ ახალი მექანიზმით უბალანსობაზე პასუხისმგებელი ენერგეტიკული კომპანიები იქნებიან და ქარის სადგურების შემთხვევაში მაინც უნდა დაიშვას გამონაკლისი. ბახტურიძე განმარტავს, რომ საათობრივი ვაჭრობის პირობებში თითქმის შეუძლებელია ქარის სადგურის ოპერატორმა 100%-იანი სიზუსტით განსაზღვროს გამომუშავება.

“მთავრობა აუქციონს გამოაცხადებს მაგალითად 100 მეგავატ ქარის სიმძლავრეზე, რაზეც დეველოპერები საკუთარი ფასის ნომინაციას გააკეთებენ და მოხდება ამ 100 მეგავატის შევსება სხვადასხვა პროექტით. შედეგად დადგინდება მედიანური ფასი, რაც ყველა დილერისთვის ერთნაირი იქნება. სწორედ ამ ფასით მოხდება თითოეულ დეველოპერთან ე.წ Contract for Difference-ის გაფორმება. ამ სქემის მუშაობა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად გამართულად და გამჭვირვალედ იმუშავებს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც ჯერ კიდევ არ არსებობს. თუ იარსებებს ბირჟა და ის ევროპული სტანდარტებით იმუშავებს, რაც ნიშნავს რომ მასზე ტრანზაქციები გამჭვირვალე იქნება, მაშინ მასზე დაფუძნებული ეს მექანიზმი “მუშა” იქნება.

მთავარი განსხვავება PPA მექანიზმთან არის ის, რომ დეველოპერს ბაზარზე უწევს ვაჭრობა, რაც ბალანსზე პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავ. ეს განახლებადი ენერგიისთვის ცოტა რთულია. ჯერ საკანონმდებლო ბაზა მომზადებული არ არის, ამიტომ ზუსტად არ ვიცით ქარის სადგური იქნება თუ არა ბალანსირებაზე პასუხისმგებელი. რაც ნიშნავს საათობრივ ჭრილში ნომინალური სიმძლავრის მიწოდებაზე პასუხისგებას. თუ ვერ მივაწვდით ბირჟას განსაზღვრულ სიმძლავრეს, დამბალანსელებმა [სახელმწიფო ელექტროსისტემამ] უნდა აიღოს ელექტროენერგია საბალანსო ბაზრიდან. ეს რა თქმა უნდა, უფრო ძვირი ენერგიაა და რამდენითაც სახელმწიფო ელექტროსისტემას ფასი გაუძვირდება, იმდენით უნდა დააჯარიმოს კომპანია.

აქედან გამომდინარე, იმ თანხით დავჯარიმდებით, რაც უწყებას ამ სისტემის დაბალანსება დაუჯდება. PPA-ის შემთხვევაში ესკო იყო ბალანსზე პასუხისმგებელი. უბალანსობის საკითხი უფრო მეტად ქარის სადგურებისთვის არის პრობლემური, თუმცა არც ჰიდროსადგურების ოპერატორები არიან ამ საკითხით კმაყოფილები. 100%-ით პროგნოზირება შემდეგი საათის გენერაციების მხოლოდ კაშხლიან ჰესებს შეუძლიათ. ამ საკითხზე სემეკ-თან არაერთხელ გვქონია საუბარი და ხვდებიან თემის პრობლემურობას. ჩემი აზრით, საქართველო საკმაოდ მცირე ენერგოსისტემაა იმისთვის, რომ თითოეულ მოთამაშეს ბალანსირებაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს”, - ამბობს ბახტურიძე.

უბალანსობაზე პასუხისმგებლობა რომ სადგურებისთვის გამოწვევაა ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორი, ირინა მილორავაც საუბრობდა. ისიც მიიჩნევს, რომ ეს განსაკუთრებული გამოწვევა მცირე ჰესებისთვის, ქარისა და მზის სადგურებისთვის არის.

"ზოგადად, უბალანსობაზე პასუხისმგებლობა და ელექტროენერგიის გამომუშავების საათობრივი პროგნოზის გაკეთება ბაზრის ყველა მონაწილისთვის გამოწვევაა, ერთი მარტივი მიზეზის გამო - მათ ეს აქამდე არ გაუკეთებიათ. ამის აუცილებლობა არ იყო, რადგან ყოველთვიური ვაჭრობა მათ არ ავალდებულებდათ საათობრივი პროგნოზის კეთებას და ასევე, არასწორი პროგნოზისთვის არანაირი პასუხისმგებლობა არ დგებოდა. განსაკუთრებით გამოწვევაა ეს მცირე სადგურებისთვის, ქარისა და მზის ენერგიებისთვის.

პროექტი, რომელიც ახლახან იქნა განხილული პარლამენტთან არსებულ ენერგეტიკულ საბჭოზე, სწორედ გამონაკლისების დაშვების შესაძლებლობას ითვალისწინებს, ანუ მთავრობას მიეცემა უფლება, კონკრეტულ ჯგუფთან მიმართებით ამ ტიპის გადაწყვეტილებები მიიღოს.

როცა ვსაუბრობთ უბალანსობის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაზე, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს არ არის სრული გათავისუფლება. თუ სადგურის უბალანსობა 80%-ია ეს არ ნიშნავს იმას, რომ სრულად გათავისუფლდება ამ პასუხისმგებლობისგან. საუბარია კონკრეტულ ზღვარზე, პროცენტულ მაჩვენებელზე, რომლის ფარგლებში მას ექნება შეღავათით სარგებლობის უფლება. შესაძლებელია ნელ-ნელა ზღვარი შემცირდეს და ამ გზით მოხდეს უბალანსობაზე პასუხისმგებლობის დაკისრება", - აცხადებდა მილორავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები