მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართულ-ამერიკულ ურთიერთობები დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დამარცხდება „დიფ სთეითი“ აშშ-ში - კობახიძე

კობახიძე

"ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის შეხვედრა, რომელიც შედგა ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ქალბატონ ელჩს შორის", – ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში, მაკა ბოჭორიშვილისა და რობინ დანიგანის შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძის თქმით, დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრების შინაარსის გარეთ გამოტანა მიღებული არ არის, თუმცა ორივე მხრიდან გამოითქვა ინტერესი, რომ არსებითად და თვისებრივად გადაიტვირთოს ურთერთობები საქართველო-აშშ-ს შორის.

"ჩვენი სურვილია, სრულებით გადაიტვირთოს ურთიერთობები, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა და ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება კონკრეტული ამოცანები. გავწეროთ ერთად კონკრეტული ამოცანები, სადაც ასახული იქნება ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები. ასე გვესახება ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოსა და აშშ-ს შორის. ვფიქრობ, არის ღირებულებითი თანხვედრა. გახსოვთ, რას ვლაპარაკობდით გასული სამი წლის განმავლობაში და ახლა ზუსტად იმავე გზავნილებით საუბრობს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია პრაქტიკულად ყველა თემაზე. დანარჩენი, ვფიქრობ, დამოკიდებულია იმაზე, როგორი ნაბიჯები გადაიდგმება ორივე მხრიდან. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ აშშ-ის ელჩთან შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივა იყო და ის მალევე შედგა.

„ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს რაც შეეხება, თანხვედრა არსებობს, მთავარია, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. ეს ყველაფერი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დამარცხდება საბოლოოდ „დიფ სთეითი“ აშშ-ში. კვლავაც არის პრობლემები და „დიფ სთეითის“ სერიოზული გავლენა. თუ მოხერხდება „დიფ სთეითის“ დამარცხება სრულად თუ თვისებრივად, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ვერაფერი დაუდგება წინ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები