მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, გაჯანსაღება" - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის მიერ ფინანსური დახმარების გადახედვის დაანონსებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს გადახედვა და გაჯანსაღება სჭირდება. მისი თქმით, ამერიკული დახმარება როდესაც NGO-ების დაფინანსებით ხორციელდება, ამას დახმარებას ვერ უწოდებს.

ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, გაჯანსაღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. მთავარია, რომ ჩვენ ვიხილოთ ასევე შემხვედრი ნაბიჯები. როდესაც საუბარია შანტაჟის ენაზე, ეს არ არის კარგი, ეს ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას. აქედან გამომდინარე, მე მაქვს იმედი, რომ ყველა სათანადოდ გაიაზრებს ურთიერთობების გადატვირთვის და გაჯანსაღების მნიშვნელობას და ნაბიჯებიც გადაიდგმება.

მე მახსოვს, ერთ-ერთი კონფერენცია გაიმართა, არ მახსოვს ზუსტად, ალბათ 2018 ან 2019 წელს, ეს კონფერენცია ეხებოდა დათქმებით საგარეო დახმარების გაწევის პერსპექტივად და მაშინდელმა ელჩმა იან კელიმ გააკეთა ასეთი განცხადება, რომ ამერიკის შემთხვევაში დათქმებს არ ჰქონდა მაინც და მაინც დიდი დატვირთვა, იმიტომ, რომ ამერიკული დახმარება ძირითადად ხორციელდებოდა NGO-ების მეშვეობით. აქედანაც შეგიძლიათ თავად გამოიტანოთ დასკვნები. როდესაც საქმე ეხება NGO-ების დაფინანსებას, მე ამას ნამდვილად ვერ დავარქმევდი დახმარებას”, - ამბობს კობახიძე.

ჟურნალისტების კითხვაზე, აფინანსებს თუ არა აშშ საქართველოში გზების მშენებლობას და თავდაცვის სფეროს, პრემიერი აღნიშნავს, რომ თანხების მობილიზება სესხებითა და მოქალაქეების გადასახადების მეშვეობით ხდება.

“გზებს აშენებს სახელმწიფო, არის ხოლმე ხანდახან სესხები, ამერიკული ნაკლებად. გზებს აშენებს ქართული სახელმწიფო იმ თანხებით, რომელთა მობილიზება ხდება გადასახადების მეშვეობით. ჩვენი მოქალაქეები იხდიან გადასახადებს და ამ გადასახადების მეშვეობით იგება ქვეყანაში გზები.

რაც შეეხება თავდაცვის სფეროს, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობის გაგრძელება და უფრო მეტიც, გაღრმავებაც. თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელება არის როგორც ქართული, ისე ამერიკული მხარისთვის. არ ვიცი, ამ კუთხით თუ აპირებენ რაიმეს შემცირებას - ეს თანაბრად იქნება დამაზიანებელი ორივე მხარის ინტერესებისთვის. აქედან გამომდინარე მგონია, რომ ყველამ უნდა იმოქმედოს პრაგმატულად, ეს არის ჩემი მოწოდება ყველას მიმართ. ჩვენი ინტერესი და სურვილია, გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები.

მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო პატივისცემა მოქმედი ელჩის მიმართ, განსხვავებით წინა ელჩისგან და წინა ელჩებისგან. მოქმედი ელჩი მთელი ამ თვეების განმავლობაში იყო განწყობილი კონსტრუქციულად და დადებითად. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ მისი პირადი წვლილიც იქნება შეტანილი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაში. ჩვენ ვართ ყველანაირად მზად ამისთვის, მთავარია, რომ ვიხილოთ შესაბამისი ჯანსაღი შემხვედრი ნაბიჯი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-მა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელთა და მათი ოჯახების წინააღმდეგ სავიზო სანქციები უკვე გამოაცხდა. მეთიუ მილერის გუშინდელი კომენტარიდან კი ირკვევა, რომ გადახედვის პროცესშია საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება. მისი თქმით, საუბარია პოლიტიკის სერიოზულ გადახედვაზე და ეს არ არის მხოლოდ რიტორიკა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები