საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სებ-ს 2024 წლის სექტემბრის ფინანსური შედეგები წარუდგინეს. სტატისტიკის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედ კომერციული ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 57.65 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით 1.52 მილიარდი ლარით (2.72%-ით) მეტია.
"სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 824.25 მილიონი ლარით, ანუ 3.32%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 700.71 მილიონი ლარით, ანუ 2.24%-ით გაიზარდა.
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის სექტემბრის ბოლოსათვის 51.21% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.97 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.57 პროცენტული პუნქტით).
სექტემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.01% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.17% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.40%", - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.