საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, ქართულ ბანკებში არარეზიდენტი ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით 10 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც წინა თვესთან შედარებით 161 მილიონი ლარით მეტია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ამ კატეგორიის დეპოზიტების ზომა 1.5 მილიარდი ლარით, ხოლო ბოლო 2 წელში 2.7 მილიარდი ლარით გაიზარდა. მატების მთავარი მდგენელი რუსეთის ფედერაციიდან ემიგრირებული პირების საბანკო გადმორიცხვებია.
საქართველოს ეროვნული ბანკის უკანასკნელი წლიური ანგარიშის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე არარეზიდენტთა დეპოზიტების 37% მოდიოდა, მეორე ადგილზეა ისრაელი 11%-ით, უკრაინა 6%-ით, კვიპროსი 4%-ით, დიდი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები 4%-ით, ბელაურის 4%-ით, აზერბაიჯანი 3%-ით, მალტა 2%-ით, გერმანია 2%-ით, ჩინეთი კი 1%-ით. სხვა ქვეყნების რეზიდენტთა დეპოზიტებზე კი 22% მოდის.
არარეზიდენტი პირები საკუთარ დანაზოგებს ძირითადად (დეპოზიტების 80%-ს) უცხოურ ვალუტაში ინახავენ, ხოლო საქართველოს რეზიდენტი პირების დეპოზიტებში უცხოური ვალუტის წილი 56.5%-ია.
2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, სულ ქართულ ბანკებში ფიზიკური პირები 34.2 მილიარდი ლარის დეპოზიტებს ინახავენ, შესაბამისად არარეზიდენტთა დეპოზიტებზე ფიზიკური პირების დეპოზიტების 29.4% მოდის.
2023 წლის მაისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რუსეთის მოქალაქეთა დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნა 40%-დან 80%-მდე გაზარდა, სებ-მა მაშინ განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ უცნობია რამდენი ხნის განმავლობაში გაჩერდება აღნიშნული დეპოზიტები ქვეყანაში, ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ ამ კაპიტალის მეშვეობით ბანკებმა გრძელვადიანი მოთხოვნები არ დააფინანსონ, რადგანაც უცნობია როდის დატოვებს აღნიშნული რესურსი ქვეყანას. თუმცა, 2024 წელს კი ეს მოთხოვნა ეროვნულმა ბანკმა ისევ 40%-მდე შეამცირა, რის მიზეზადაც სებ-მა მიუთითა, რომ აღნიშნულ დეპოზიტებს იმაზე მაღალი სტაბილურობა გააჩნიათ, ვიდრე ეს წარსულში იყო ნავარაუდევი.




























