მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართულ ბაზარს აკრძალვა დიდ დარტყმას ვერ მიაყენებს” - "კავკასუს ავტო იმპორტი” რუსეთში ავტომობილების ექსპორტის აკრძალვაზე

ლარსი

საქართველოდან ბელარუსში ამერიკიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი 1-ელი აგვისტოდან აიკრძალა, ხოლო ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი კი 26 სექტემბრიდან აიკრძალება, - ამის შესახებ bm.ge-ის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს და აღნიშნეს, რომ ცვლილება სანქციების უახლესი პაკეტის ძალაში შესვლას უკავშირდება. ანალოგიური აკრძალვა მოქმედებს რუსეთის ფედერაციის მიმართულებითაც. 

“კავკასიის ავტო იმპორტის” გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სანდრო ბიწაძემ, საქართველოდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით Bm.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, რუსეთში და ბელარუსში ავტომობილების ექსპორტის აკრძალვა, საქართველოში დიდ ცვლილებებს არ გამოიწვევს, თუმცა, გარკვეული პერიოდით, შესაძლოა, საქართველოში გასაყიდ ავტომობილებზე ფასი შემცირდეს. 

“გარკვეული პერიოდის განმავლობაში რუსეთიდან ავტომობილებზე მოთხოვნა გაზრდილი იყო, თუმცა ახლა საქართველოდან რუსეთში გასული ავტომობილების წილი 5.5%-მდეა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში, გასაყიდი ავტომობილების რაოდენობიდან ბაზრის დიდი წილი არ უკავია და ბაზარს დიდ დარტყმას ვერ მიაყენებს. ეს აკრძალვა ქართულ ბაზარზე, შესაძლოა, ავტომობილებზე ფასის კლებით აისახოს, რადგან ქვეყანაში გარკვეული რაოდენობის ავტომობილი დარჩება გასაყიდი.

1-ელი აგვისტოდან ევროკავშირის ქვეყნებში, ან ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოებული ავტომანქანების რუსეთში შეყვანა აიკრძალა. რუსეთში და ბელარუსში იმპორტირებული ავტომობილების ნაწილი აღარ შედის, ეს საქართველოში მცირე ცვლილებებს გამოიწვევს, თუმცა საქართველოს მთლიანი ბაზრიდან გაყიდული ავტომობილების მხოლოდ 5.5%-ს იკავებდა რუსეთში ან ბელარუსში იმპორტირებული ავტომობილი. ამ დროისთვის ვერცერთი გზით ვერ ხდება ავტომობილის შეყვანა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი დარჩა “ლადას” და “ნივას” ანაბარა”, - ამბობს სანდრო ბიწაძე.

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ოკუპანტ რუსეთში საქონლის ექსპორტი 61%-ით, $177 მილიონამდე გაზარდა. მატება განპირობებულია მთელი რიგი დასახელების პროდუქტების ექსპორტის ზრდით, მათ შორის მომატებულია ღვინის, ფეროშენადნობების, ავტომობილების და მინერალური წყლების ექსპორტი.

რაც შეეხება ავტომობილებს, 2023 წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოდან რუსეთში $53 მლნ-ის ღირებულების 3,786 ერთეული ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები