Wizz air-ის მმართველო დირექტორი როლანდ ტიშნერი BMG-თან საუბრისას ამბობს, რომ ქართულ ბაზარზე ზრდა სურთ და სხვა აეროპორტებსაც განიხილავენ, თუმცა უახლოეს მომავალში ისევ მხოლოდ ქუთაისიდან აპირებენ ფრენებს.
"ბევრის გაკეთება გვინდა იმისთვის, რომ ბევრი ვიფრინოთ. თარიღებზე სპეკულაციას არ დავიწყებ, თუმცა მინდა დაგარწმუნოთ, რომ ქვეყანაში ოპერირების ზრდა გვინდა. შესაძლოა იცით, რომ 300-ზე მეტი ახალი ხომალდის შეკვეთა გვაქვს გაკეთებული, რაც Wizz air-ის ფლოტს გააორმაგებს. ვგეგმავთ, უფრო მეტი გავაკეთოთ ამ ბაზარზე, რადგან დიდ პოტენციალს ვხედავთ. ტურიზმის სფერო იზრდება და რიცხვები უმჯობესდება.
რაც შეეხება მთავრობასთან თანამშრომლობას, აქ მინდა ხაზი გავუსვა, რომ აეროპორტი ძალიან კარგია. ერთად ვმუშაობთ და ვცდილობთ ყველა პრობლემა აღმოვფხვრათ. პრობლემები რა თქმა უნდა, ყველგანაა და არა მხოლოდ ქუთაისში. სულ ახლახან ამინდთან დაკავშირებით პრობლემა გვქონდა, იცით ალბათ, რომ საკმაოდ დიდი თოვლი მოვიდა. შედეგად ზოგიერთმა აღჭურვილობამ ისე ვერ იმუშავა როგორც ვიმედოვნებდით, თუმცა ვიმუშავეთ ამაზე. ზოგადად აეროპორტთან ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს", - ამბობს Wizz air-ის მმართველი დირექტორი.
მისივე თქმით, ქუთაისში ბაზირებული ხომალდების ზრდას განიხილავენ. უკვე წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი დაემატება.
"წელს საბოლოოდ გვეყოლება მეოთხე ბაზირებული ხომალდი. გასულ წელს ერთი ხომალდი გავიყვანეთ, თუმცა შევძლებთ ქუთაისის ბაზას საბოლოოდ მეოთხე ხომალდი დავამატოთ. ასევე ვაპირებთ ჰამბურგისა და მადრიდის მიმართულებებით ფრენების აღდგენას; ხოლო ლიონის მიმართულებით ფრენის დამატებას", - ამბობს როლანდ ტიშნერი.




























