„ქართულ ბაზარზე ჩვენი ღვინის სარეალიზაციო არეალი 80%-მდე შევამცირეთ“, - ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანია "ნეკრესის მამულის" დამფუძნებელმა, ოთარ ტაბატაძემ ისაუბრა.
მისივე განმარტებით, ადგილობრივ ბაზარზე მდგომარეობა გართულდა, შესაბამისად გართულებულია ანგარიშსწორების საკითხიც, რაც ტურისტული ნაკადების შემცირებითაა განპირობებული. სწორედ ამიტომ, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ღვინის სარეალიზაციო არეალი შეემცირებინა.
“წლიურად, 50 000 ბოთლს ვასხამთ. პროდუქციის დაახლოებით 70%-ს ექსპორტზე ვყიდით, ხოლო 30% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, კერძოდ "8000 მოსავალსა" და რამდენიმე პარტნიორ ობიექტში. ტურისტული ნაკადების შემცირებასთან ერთად, ქართულ ბაზარზე ღვინის რეალიზაციაც შემცირდა, ამიტომ ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო არეალი 80%-მდე შევამცირეთ.
ექსპორტს რაც შეეხება, ამ მიმართულებით კვლავ ვმუშაობთ, თუმცა ჯერჯერობით ახალი ბაზრები არ დაგვიმატებია. ამ დრომდე ექსპორტს ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკში, ასევე სამხრეთ კორეაში, ლატვიასა და საფრანგეთში ვახორციელებთ. ამასთან, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ჩინეთის ბაზართან”, - ამბობს ტაბატაძე და დასძენს, რომ საექსპორტო ბაზრებზეც სირთულეებია. უფრო კონკრეტულად, ხშირია შემთხვევები, როდესაც უცხოურ ბაზრებზე ფასების დაკლებას სთხოვენ.
თუმცა, როგორც ტაბატაძე ამბობს, მათი ღვინო პრემიუმ ხარისხისაა, შესაბამისად, გასატანი ფასი 7-8 ევროს ფარგლებშია.
ინფორმაციისთვის, “ნეკრესის მამული” წელიწადში 50 000 ბოთლ ღვინოს ასხამს, რომელშიც როგორც ჩვეულებრივი ღვინო, ამასთან ცქრიალა ღვინო და ცოტაოდენი დისტილირებული პროდუქტებიც შედის. კახეთში მდებარე მამული მეღვინეობას, სასტუმროსა და რესტორანს აერთიანებს.