ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე, ქართულ ფეროშენადნობებზე მოთხოვნის ზრდის მოლოდინია.
როგორც ელექტროენერგიის კვალიფიციურ მომხმარებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი BMG-სთან აცხადებს, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ ინდოეთს, რომელიც გლობალურად პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია, ლოგისტიკური პრობლემები შეუქმნა.
ამ ფონზე, მერაბ ლომინაძის თქმით, მოსალოდნელია, რომ ერთი მხრივ, ბაზარზე ფასები გაიზრდება, მეორე მხრივ, კი ქართული ფეროშენადნობების ექსპორტი გააქტიურდება.
მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზრდება როგორც ერთ-ერთ ძირითად საექსპორტო ბაზარზე, თურქეთში, ასევე ევროპაში.
„დღეის მდგომარეობით, თურქეთის ბაზრის მომარაგება ფეროშენადნობებით, ისევე როგორც ადრე, ხორციელდება მეტწილად ინდოეთიდან, თუმცა ამ განვითარებულმა მოვლენებმა დიდი გავლენა მოახდინა ლოგისტიკაზე და კერძოდ, ლოგისტიკის დროზე. შესაბამისად, ბევრი თურქი მომხმარებელი ამ პერიოდში იწყებს ძიებას ალტერნატიული წყაროებისა შესაბამისი რეზერვების შესაქმნელად და პირველ რიგში, საქართველო და ქართული ფეროშენადნობები გახლავთ მათი არჩევანი, გამომდინარე მოკლე ლოგისტიკური გზისა და გამომდინარე იქიდან, რომ ისტორიულად ეს მომხმარებელი შეჩვეულია ჩვენს პროდუქტს.
იმედი მაქვს, რომ ფასიც გაიზრდება და ამ ყველა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველომ უნდა მოახერხოს თავისი ნიშის დაკავება როგორც თურქულ ბაზარზე, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე. აგრეთვე შესაძლებელია, რომ ქართული პროდუქციის გაყიდვა მოხდეს სხვა ბაზრებზეც, სადაც იყო წარმოდგენილი ინდური პროდუქტი, რომელიც იქ ამ ეტაპზე ვერ აღწევს ისევ და ისევ ლოგისტიკური პრობლემატიკის გამო. ეს შეიძლება იყოს ჩრდილოეთ აფრიკა ან ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნები.
აქედან და ამაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ახლო მომავალში მე ვფიქრობ, რომ იქნება გარკვეული ფასის ზრდა, თუმცა ეს ფასის ზრდა ამ ეტაპზე არ შეიმჩნევა, და იქნება მოთხოვნის ზრდა, რომელიც უკვე სახეზე გვაქვს. ეს თავის მხრივ დადებითი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების თვალსაზრისით, აგრეთვე იმ სექტორების მხარდაჭერის თვალსაზრისით, რომელიც მეტწილად დამოუკიდებელი არის მეტალურგიაზე - იქნება ეს ენერგეტიკა თუ ლოგისტიკის ნაწილი“, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.



























