მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართულ ოცნებას" აზრიანი რჩევის მიმცემი არ ჰყავს... ამ კომიკურობას ქვეყნის გამანადგურებელი შედეგები მოჰყვება ხურდაში - დათო გორგილაძე

დდ
08.05.24 19:41
481

ჟურნალისტი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში "რუსული კანონის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. როგორც ის წერს, მმართველი ძალის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ცხადყოფს რომ "ქართული ოცნება" ინტელექტუალურად სრულად გამოშიგნულია და აზრიანი რჩევის მიმცემი არ ჰყავთ".

დათო გორგილაძე წერს, რომ "ქართული ოცნება" სიმართლის წინააღმდეგ მოქმედებს, რომელიც მარცხისთვის განწირულია.

"ქართული ოცნება" ინტელექტუალურად სრულად გამოშიგნულია. წამლად რომ უნდოდეთ (და ფაქტია, სასიცოცხლოდ სჭირდებათ) აზრიანი რჩევის მიმცემი არ ჰყავთ. მათი ქმდებების დრამატურგია სამოქალაქო საზოგადოების გულწრფელი შემოქმედების ძალიან დაბალხარისხიანი ასლებისგანაა შეკოწიწებული. ხარისხს ვინ ჩივის, კომიკური გახდა. კომიკურსაც აიტანდა ადამიანი (ბოლო-ბოლო გაიცინებ მაინც და ეგეც ხეირია), მაგრამ ამ კომიკურობას ქვეყნის გამანადგურებელი შედეგები მოჰყვება ხურდაში.

რჩევის მიმცემი იქით იყოს და ისეთი კეთილისმსურველიც არ შემორჩათ, მუხრუჭის ფუნქციას რომ გასწევდა და ეტყოდა, ამას მაინც ნუღარ იკადრებთ კაცებო და ქალებო, უხერხულიაო. ერთი ისაა, რომ სიცრუის, ცილისწამებისა და ბოღმის რადიაცია, რომელსაც ხელისუფლება ასხივებს განწირულია სიმართლის წინააღმდეგ.

სიმართლის, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავებული, თავისუფალი და გულწრფელი ადამიანების ამოძახილია - დაუგეგმავი და დაუძალებელი ამოძახილი. ქართული სიმღერის მსგავსი ამოძახილი. ეს ხმა ისმის. ისმის მკაფიოდ. ეს პროტესტი მრავალხმიანია. ისევე, როგორც საქართველო", - წერს იგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები