განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით საქართველოში წელს არცერთი რუსულენოვანი საგანმანათლებლო სექტორი არ ამოქმედებულა. მისივე თქმით, რუსულენოვან სექტორებზე მოთხოვნის ზრდა უკრაინიდან ემიგრირებული მოსახლეობის შემოდინებამ განაპირობა, რადგან მათმა ნაწილმა შვილების განათლების გაგრძელებისთვის აღნიშნულ სკოლებს მიმართა.
“2022 წლის 1 იანვრიდან, საჯარო და კერძო სკოლებში რუსული სექტორი არ დამატებულა. ხოლო ორ საჯარო სკოლაში, რუსულმა სექტორმა ფუნქციონირება საერთოდ შეწყვიტა. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით გვაქვს რუსულენოვანი 11 სკოლა და 45 სექტორი. ამასთან გაცნობებთ რომ, 2020-2022 წლებში ავტორიზაცია არცერთ ახალ რუსულენოვან კერძო სკოლას არ დაუწყია.
2022 წლის 24 თებერვლის შემდგომ, უკრაინაში დაწყებული საომარი ქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე იმ მოსწავლეთა შემოსვლას, რომლებიც ვერ აგრძელებენ სწავლას. გასულ სასწავლო წელს, პრემიერის გადაწყვეტილებით, მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე და ბათუმის მეოცე საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორები გაიხსნა.
გაიზარდა მოთხოვნა როგორც ქართულ, ასევე უკრაინულ და რუსულ სექტორებზე, სწორედ აქედან გამომდინარე, გაიზარდა რუსულენოვან სექტორზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა, რაც არ გულისხმობს რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების რაოდენობის ზრდას,”- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
განათლების მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში არსებულ რუსულენოვან სასკოლო სექტორებში სულ 16.2 ათასი მოსწავლე არის რეგისტრირებული, რაც წინა წელთან შედარებით 1.8 ათასი მოსწავლით მეტია. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ამ მოსწავლეთა უდიდესი ნაწილი განათლებას სწორედ უკრაინის ტერიტორიაზე იღებდა.




























