მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული ავეჯის ბრენდი KARBA Factory ონლაინ გაყიდვების პლატფორმას ქმნის

KARBA

ქართული ავეჯის მწარმოებელი ბრენდი KARBA Factory 2026 წელს განსაკუთრებულ აქცენტს გაციფრულებასა და მარკეტინგული მიმართულების გაძლიერებაზე აკეთებს. კომპანია გეგმავს ონლაინ გაყიდვების არხების განვითარებას, ბრენდის ცნობადობის ზრდას და ციფრული პლატფორმების უფრო აქტიურ გამოყენებას, რაც მომხმარებლებს პროდუქციის შერჩევასა და შეძენას როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ სივრცეში გაუმარტივებს.

კომპანიის თანადამფუძნებელი მარიამ კარბაია BM.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ვებგვერდის შექმნა აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, პროდუქცია დისტანციურადაც შეარჩიონ და შეიძინონ.

„გარდა ფიზიკური გაყიდვისა, ონლაინ შეძენაც შესაძლებელი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საწარმო ამ ეტაპზე დიდი არ არის, დაინტერესებულ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე გვესტუმრონ და პროდუქცია თავად დაათვალიერონ. ამასთან, ვმუშაობთ შოურუმებთან თანამშრომლობაზეც - გვინდა, ქართულ ავეჯს უფრო ფართო წარმოდგენა ჰქონდეს და იმპორტირებულ ავეჯთან ერთად იყოს წარმოდგენილი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ავეჯი გამოირჩევა როგორც დიზაინით, ისე ხარისხით - თითოეული დეტალი გააზრებულია და ხელით არის დამუშავებული, რაც მას განსაკუთრებულს ხდის. ვფიქრობ, ეს სხვა მომხმარებლებისთვისაც საინტერესო იქნება“, - ამბობს ის.

ბრენდი, რომელიც მეტალისა და ხის ავეჯს აწარმოებს, გასულ წელს ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდა და უკვე წარმატებით ფუნქციონირებს, ამასთან, მას არაერთი ლოიალური მომხმარებელიც ჰყავს. მარიამ კარბაია აღნიშნავს, რომ აქამდე „კარბა“ ძირითადად ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობდა, თუმცა ახლა საკუთარი ავეჯის ხაზის უფრო აქტიურ პოპულარიზაციას და ბაზარზე ფართოდ წარმოდგენას გეგმავს.

მისი თქმით, 2026 წლის სტრატეგია სწორედ მარკეტინგის გაძლიერებასა და პროდუქციის ცნობადობის ზრდას ეფუძნება. პარალელურად კი კომპანია რეინვესტირებას კვლავ წარმოების მიმართულებით ახორციელებს. ის დასძენს, რომ მომხმარებელთა ძირითადი ნაწილი ამ ეტაპზე რეკომენდაციებით მოდის, თუმცა კომპანია ციფრული არხების გააქტიურებით აუდიტორიის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს.

ამასთან, „კარბა“ 16 მაისს საკუთარი ავეჯის პირველი კოლექციის პრეზენტაციას გამართავს, სადაც წარმოდგენილი იქნება გუნდის მიერ სრულად შექმნილი დიზაინები - იდეიდან შესრულებამდე, ქართული შთაგონებითა და დეტალებზე ხელით მუშაობის აქცენტით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები