მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული ბისტრო ტოკიოში - "აჯიკამ" სამ თვეში 5 000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა

აჯიკა

ოპერირების პირველი სამი თვის განმავლობაში, ტოკიოში მდებარე ქართულ რესტორან „აჯიკას“ დაახლოებით 5 000-ზე მეტი მომხმარებელი ესტუმრა. ამის შესახებ რესტორნის თანადამფუძნებელმა, გიორგი აბულაძემ BMGTV-ს გადაცემაში "საქმიანი დილა" ისაუბრა.

ცნობისთვის, ტოკიოს ერთ-ერთ უძველეს უბანში, კაგურაძაკაში, პირველი ქართული რესტორანი და ქართული ღვინის ბარი „აჯიკა“ გასული წლის სექტემბერში გაიხსნა. ობიექტი ბისტროს კონცეფციით არის შექმნილი და მთლიანად ქართულ მოტივებზეა აგებული. რესტორნის სახელიც სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. იაპონურად სიტყვა „აჯი“ გემოს ნიშნავს, რაც ქართულ კონტექსტში „გემრიელიასთან“ ასოცირდება.

პროექტში ჯამურად 400 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. „აჯიკას“ კონცეფციის განსაკუთრებულ დეტალებს შორის არის 150-წლიანი ქვევრი, ქართული ღვინო, ასევე ექსკლუზიურად იაპონიაში გამოყვანილი სულგუნი და იმერული ყველი.

გიორგი აბულაძის თქმით, ობიექტმა, გახსნის დღიდან წარმატებული ოპერირებით მოლოდინს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

„პრაქტიკულად ყოველი დღე დატვირთული იყო. ამ პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით 5 000-ზე მეტ მომხმარებელს ვუმასპინძლეთ. მივიღეთ ძალიან დადებითი გამოხმაურებები როგორც კერძებთან და ღვინოსთან, ასევე გარემოსთან დაკავშირებით. ისინი, ვინც საქართველოში უკვე ნამყოფი იყო, ამბობენ, რომ თავს თბილისურ რესტორანში გრძნობენ, ხოლო მათ, ვინც საქართველოში არ ყოფილა, იმდენად გაუღვივდათ ინტერესი, რომ უახლოეს მომავალში სტუმრობას გეგმავენ“, - აღნიშნა აბულაძემ.

მისივე ინფორმაციით, რესტორნის სტუმრების უმეტესობა იაპონელია, თუმცა „აჯიკას“ სტუმრობენ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეები, ასევე ევროპიდან და აშშ-დან ჩასული სტუმრებიც.

„სტუმრების კატეგორია ძალიან მრავალფეროვანია, თუმცა ძირითადად მაინც იაპონელები ჭარბობენ. საქართველო იაპონიაში საკმაოდ მაღალი ცნობადობით სარგებლობს, რაშიც დიდ როლს საელჩოს აქტიურ მუშაობას აქვს. ისინი მხოლოდ სავახშმოდ არ მოდიან, გვისვამენ კითხვებს, ინტერესდებიან ქართული კულტურით და ცდილობენ, მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს შესახებ“, - აცხადებს რესტორნის თანადამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ ახალი ობიექტი იაპონური რესტორნების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ონლაინპლატფორმა „ტაბელოგზეც“ უკვე კარგ პოზიციებზეა. უფრო კონკრეტულად, პლატფორმაზე, სადაც დაახლოებით 100 000 რესტორანი არის განთავსებული, "აჯიკა" მომხმარებლების მიერ ძებნის კრიტერიუმით, 177-ე ადგილზეა წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები