მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული ბიზნესი უნდა გათავისუფლდეს ე.წ. გაგებაზე დაფუძნებული დაუწერელი წესებისგან - ვიქტორ ყიფიანი

ვიქტორ ყიფიანი

ანალიტიკური ცენტრი GEOCASE-ის დამფუძნებელ ვიქტორ ყიფიანის აზრით, ქართული ბიზნესი ინსტიტუციურად უნდა გათავისუფლდეს ე.წ. „გაგებაზე დაფუძნებული დაუწერელი წესებისგან“.

BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ვიქტორ ყიფიანმა სურსათის ფასებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დაწყებული კამპანია შეაფასა და აღნიშნა, რომ, რა თქმა უნდა, სასურსათო პროდუქტების გაიაფების წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ მნიშვნელოვანია ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის ურთიერთობა ჯანსაღ პრინციპებს ეფუძნებოდეს.

ის ეჭვქვეშ აყენებს მთავრობის მიერ დაწყებული სურსათის ფასების მოკვლევის სანდოობას, რადგან ქვეყანაში ინსტიტუტები პარტიულ ნებას ექვემდებარებიან, ამიტომ ვარაუდობს, რომ სურსათის გაიაფებაზე დაწყებული კამპანია საზოგადოებრივი განწყობებით მანიპულირებისკენაა მიმართული.

[სურსათის ფასების თემის] ირგვლივ, ხელისუფლების მხრიდან ისეთი განმარტებები კეთდება, ან გვაბრიყვებენ, ან ჩვენ უნდა მოვისულელოთ თავი. რა თქმა უნდა, არცერთი ჩვენგანი გაძვირებული პროდუქტის გაიაფების წინააღმდეგი არ არის და არცერთი ჩვენგანი არ არის არანორმალური, რომ მივესალმებოდეთ რაც შეიძლება მაღალ ფასებს, მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში არის მედლის მეორე მხარე, რასაც ხელისუფლება და მმართველი პარტია არ ეხება - როგორი სახის ურთიერთობა უნდა იყოს ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის; პოლიტიკა უნდა შედიოდეს ბიზნესში თუ პოლიტიკა უნდა იდგეს განზე, როგორც ქომაგი და ეხმარებოდეს ბიზნესს სწორი ბიზნესის წარმოების ჩარჩო წესების აგებაში?!

ამდენად, ჩვენ ვესარჩლებით ქართულ ბიზნესში ჯერ კიდევ შემორჩენილ თავისუფალ სივრცეს, რომელიც გადასარჩენია; ჩვენ ვესარჩლებით იმ არაერთ ქართველ ბიზნესმენს, რომელსაც სურვილი აქვს და აკეთებს კიდევაც ბიზნესს მეტ-ნაკლებად ნორმალური ბიზნეს კანონებიდან გამომდინარე; ჩვენ ვესარჩლებით ყველაფერთან ერთად იმ ხვალინდელ დღეს, როდესაც ბიზნესი ამ გამრუდებული ვითარებიდან უნდა გამოვიდეს და დაშენდეს სწორედ ამ თავისუფალი ბიზნესის სივრცეებზე.

მთლიანობაში, ჩვენ ვესარჩლებით, ყველაფერთან ერთად, ბიზნესის გავლით საქართველოს ეკონომიკურ უსაფრთხოებას და თვითმყოფადობას და არა კონკრეტულ ბიზნეს-სახეებს, რომელთაგან შეიძლება ზოგი მისაღები იყოს, ზოგი - მიუღებელი“, - განაცხადა მან.

„წერტილთან“ ინტერვიუში ვიქტორ ყიფიანმა ფრთხილი ტონით, მაგრამ ბიზნესმენებს "ფარდის მიღმა" საკითხების მოგვარების ნაცვლად, თვითორგანიზება ურჩია.

„ბიზნესმენებმა ალბათ იგივე ფსიქოლოგიური პრობლემა უნდა გადალახოს, რაც საზოგადოების სხვა ფენებმა - მორჩნენ და დაემშვიდობონ „კაცის-კაცად“ ფსიქოლოგიას, ირწმუნონ საკუთარი თავის და როდესაც ირწმუნებენ, ალბათ ჩვენც გაგვიიოლდება, უფრო მეტად, უფრო ეფექტიანად განვახორციელოთ მათი ქომაგობა და მათი გამოსარჩლება“, - აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ საჯაროობის შემთხვევაში, ბიზნესმენებს საზოგადოების კრიტიკული ნაწილის მხარდაჭერა ექნებათ.

ამასთან, ვიქტორ ყიფიანი მცდარად მიიჩნევს თეზას "მე ბიზნესი ვარ და პოლიტიკა არ მეხება". მისი აზრით, ქვეყნის თამაშის წესების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა ყველა ბიზნესმენის მოვალეობაა.

მისი აზრით, ჯანსაღი, პროგრესული და თავისუფალი ბიზნესი, ქართული სახელმწიფოს ეროვნულ პრიორიტეტად უნდა იქცეს:

„1) უნდა შემუშავდეს და ამოქმედდეს უმაღლესი ხარისხის საკანონმდებლო აქტი, რომელიც სახელმწიფოსა და ბიზნეს შორის ურთიერთობათა პრინციპების სიმტკიცესა და შეუქცევადობას დაადგენს. ასეთი აქტი საკონსტიტუციო რანგის კანონად წარმომიდგენია.

2) ბიზნეს გარემოს ობიექტური შეფასება უნდა წარმოებდეს სამოქალაქო სექტორის, როგორც სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის მიუკერძოებელი არბიტრის, მიერ.

3) ხელისუფლებამ და ბიზნესმა, უნდა შეიქმნან მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომლის უმრავლესობა ბიზნესის მიერ დაკომპლექტდება, ხოლო ჯგუფს თანათავმჯდომარეობას პრემიერი და ბიზნეს ომბმუდსმენი გაუწევენ“, - დაწერა მან სოციალურ ქსელშიც.

რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში? – „არაპროფესიონალიზმს, არაკომპეტენტურობას, უწიგნურობას, სიბნელეს და უვიცობას“ - აცხადებს ანალიტიკური ცენტრი GEOCASE-ის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები