მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბიზნესისთვის EU-ს ტენდერები იხსნება - რის მიწოდება დაუშვა ასოცირების საბჭომ?

62e00f9ae0444
ელენე გოგბერაშვილი
26.07.22 21:05
1378
ქართული ბიზნესისთვის ევროკავშირის სახელმწიფო ტენდერების მიმართულებით  2 ტრილიონი ევროს მოცულობის ბაზარი გაიხსნა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართული კომპანიები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას შეძლებენ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ქართული მხარე ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოსთვის მხოლოდ საქონლის მიწოდებას შეძლებს.

„პირველ ეტაპზე საუბარია მხოლოდ და მხოლოდ საქონელზე. თანხებში რომ წარმოიდგინოთ, ეს არის დაახლოებით 2 ტრილიონი ევროს კოლოსალური ევროპული ბაზარი. პირველ ეტაპზე საუბარია ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით. ნებისმიერ კომპანიას უკვე გუშინდელი დღიდან შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. ვფიქრობთ, ქართული კომპანიები გაუწევენ კონკურენციას ევროპელ პარტნიორებს“, - აცხადებს bm.ge-სთან ინტერვიუში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ნანობაშვილი.

ევროგაერთიანების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ქართულ კომპანიებს პირველ ეტაპზე სერვისის და მომსახურების მიწოდება შეზღუდული აქვს. შესყიდვების სააგენტოს განმარტებით, ასოცირების საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება დამოკიდებულია, რამდენად დროულად დაუახლოებს საქართველო შესყიდვების კანონმდებლობას ევროკავშირის ნორმებს.

„სერვისის და მომსახურების დამატება დამოკიდებულია იმ ფაზაზე, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგით გათვალისწინებით ვალდებულებებს. ჩვენი კუთხით ამ ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია კანონპროექტი „საჯარო შესყიდვების შესახებ“, რომელიც შემუშავებულია და წარდგენილია პარლამენტში. ვფიქრობ, შემოდგომაზე დაიწყება აქტიური განხილვა და მიღება ისევე როგორც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების. აღნიშნული პროცესის კვალდაკვალ სერვისებისთვის ბაზარი ქართული კომპანიებისთვის გაიხსნება“,-აცხადებს ზაზა ნანობაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები