საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართული კომპანიები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას შეძლებენ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ქართული მხარე ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოსთვის მხოლოდ საქონლის მიწოდებას შეძლებს.
„ტენდერებში დაშვება არ ნიშნავს, რომ კარი ღია გვაქვს“ - ამბობს BM.GE-სთან „ფრუტილიას“ თანადამფუძნებელი. ვახტანგ ბეჟიტაშვილის შეფასებით, ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილება დიდი სტიმულია ქართული ბიზნესისთვის, თუმცა არსებობს გამოწვევები, რაც ევროკავშირის ბაზრისთვის საჭირო ხარისხის და საჭირო მოცულობების საქონლის წარმოებას უკავშირდება.
„როცა საკანონმდებლო დონეზე ჩვენ შეგვიძლია რაღაცის კეთება, ეს გვაძლევს უდიდეს სტიმულს და შანსს იმისას, რომ დავიხვეწოთ და მივიდეთ ევროკავშირის დონეზე. აქ დგას ის პრობლემა, რომ შესაბამისი სერტიფიცირება უნდა მოხდეს, იგივე ტენდერში დაშვება არ ნიშნავს, რომ ღია გვაქვს კარი. იქ არის მოთხოვნები, რომელიც ჩვენმა პროდუქციამ ხარისხის, სერტიფიცირების და მოცულობების მეშვეობით უნდა დააკმაყოფილოს.
სამუშაო ძალიან ბევრია. ეს ახალი ხილია პირდაპირი გაგებით ჩვენი ქვეყნისთვის. მთავარია დაწყება. დიდი შრომით და ინვესტიციებით ყველაფერი შესაძლებელია“,-აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.
აღსანიშნია, რომ ევროგაერთიანების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ქართულ კომპანიებს პირველ ეტაპზე სერვისის და მომსახურების მიწოდება შეზღუდული აქვს. შესყიდვების სააგენტოს განმარტებით, ასოცირების საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება დამოკიდებულია, რამდენად დროულად დაუახლოებს საქართველო შესყიდვების კანონმდებლობას ევროკავშირის ნორმებს.