ქართველი დიზაინერის, თეო ქობალიას, მიერ დაფუძნებული ბრენდი Molmauni საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში პოზიციებს იმყარებს. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
ბრენდის სახელწოდება, რომელიც მეგრულად „გამომყევი“-ს ნიშნავს, სიმბოლურად ასახავს იმ გზას, რომელიც დიზაინერმა აფხაზეთიდან დევნილობისა და მრავალ გამოწვევასთან გამკლავების ფონზე გაიარა.
როგორც ქობალია ეთერში ამბობს, მისთვის მოდა სულის გაგრძელებაა - სივრცე, სადაც ვიქტორიანული ელეგანტურობა და ძველი სამყაროს დახვეწილობა ქალის შინაგან ძალასა და სინაზეს ერწყმის. ბრენდის კონცეფცია სწორედ პირადი გამოცდილებიდან იღებს სათავეს: რესურსების სიმცირის პერიოდში, ოჯახი მისთვის უნიკალურ სამოსს ქმნიდა, რაც მომავალში მის ინდივიდუალიზმსა და შემოქმედებით ხედვაში აისახა.
„დევნილობის პერიოდში რესურსების ნაკლებობა იყო, თუმცა ჩემთვის ყოველთვის იქმნებოდა განსხვავებული და გამორჩეული სამოსი. სწორედ ამან ჩამომიყალიბა ინდივიდუალიზმი და საბოლოოდ, “მოლმაუნი" ამ ფორმით შეიქმნა. ეს არ არის მხოლოდ ბრენდი, რომელიც მე შევქმენი - ეს არის იდეების ერთიანობა, რომელიც ადამიანების რეაქციებისა და ემოციების შედეგად ჩამოყალიბდა“, - აღნიშნავს დიზაინერი.
მისივე თქმით, ბრენდისთვის გარდამტეხი ეტაპი აღმოჩნდა პარიზის მოდის კვირეულზე მონაწილეობა, სადაც Molmauni მსოფლიოს ცნობილ ბრენდებთან ერთად წარდგა. ქობალიას შეფასებით, ეს იყო არა მხოლოდ პროფესიული მიღწევა, არამედ ერთგვარი საერთაშორისო აღიარება : „პარიზის მოდის კვირეული ჩემთვის იყო გზავნილი, რომ სწორ გზაზე ვდგავარ. შოუს შემდეგ ადამიანები ზუსტად იმ იდეებს აღნიშნავდნენ, რაც თითოეულ მოდელში ჩავდე. ეს იყო უდიდესი აღიარება“, - ამბობს ის.
ამ ეტაპზე ბრენდი უკვე წარმოდგენილია ამერიკის ცნობილ საგამოფენო სივრცეებში და დაინტერესება იზრდება როგორც პროფესიული წრეებიდან, ისე ცნობადი პერსონების მხრიდან, რომლებიც Molmauni-ს არჩევენ ფოტოსესიებისა და მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის.
როგორც ბრენდის დამფუძნებელი ამბობს, საერთაშორისო გაფართოება კომპანიისთვის მთავარი პრიორიტეტია. ქობალიას თქმით, ამერიკის ბაზრის შემდეგ, განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულება ევროპაა, განსაკუთრებით - პარიზი, სადაც ბრენდის მიმართ ინტერესიც მაღალია.
„საერთაშორისო ბაზარი ამ ეტაპზე ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევაა. უკვე არაერთი შემოთავაზება გვაქვს და ვფიქრობ, ეტაპობრივად დავინახავთ, როგორ გაფართოვდება “მოლმაუნი”“, - აცხადებს თეო ქობალია.




























