მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართული დემოკრატიისთვის შავი დღეა“ - 11 სენატორის განცხადება

თეთრი სახლი

"ამ კანონის მიღება, ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და დააზარალებს ევროკავშირში წევრობის მისწრაფებას", - ასე ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონის მიღებას, მაღალი რანგის ამერიკელი სენატორები.

11 სენატორის ერთობლივ განცხადებას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

ერთობლივ განცხადებაში, 11 სენატორი, "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ კანონს, რუსული სტილის კანონს უწოდებს, რომელიც "გამოყენებული იქნება არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად, არამედ ასევე ხელს შეუშლის საქართველოში დემოკრატიის განვითარებას."

„ეს შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის. ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულნი ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ, უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული სტილის კანონპროექტის მიღების გამო. ეს კენჭისყრა ასობით ათასი ქართველის ნებას ეწინააღმდეგებოდა, რომლებიც აგრძელებენ მშვიდობიან პროტესტს კანონმდებლობის წინააღმდეგ, რომელიც გამოყენებული იქნება არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად, არამედ ასევე ხელს შეუშლის დემოკრატიის განვითარებას საქართველოში. ეს კანონი, რომელიც ავალდებულებს ყველა ორგანიზაციას, რომლებიც იღებენ თავიანთი ბიუჯეტის 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან, გამოცხადდნენ როგორც უცხოეთის აგენტები, ჩაახშობს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან მუშაობას ქვეყანაში, სადაც სახსრები მწირია. ამ კანონის მიღება, ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და დააზარალებს ევროკავშირში წევრობის მისწრაფებას", - ნათქვამია სენატორების განცხადებაში.

სენატორები აცხადებენ, რომ კონგრესი იძულებული იქნება, გადახედოს საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკას იმისთვის, რომ ის საქართველოში არსებული პოლიტიკური ლანდშაფტის შესაბამისი იყოს.

ამასთან, განცხადებაში საუბარია, დემოკრატიის შელახვაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებასა და პირდაპირი დახმარების გადახედვაზე.

„როგორც ჩვენ, პრემიერ-მინისტრ კობახიძისადმი მიწერილ წერილში გავაფრთხილეთ, ამ კანონის მიღება მოითხოვს კონგრესისგან, განიხილოს საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკის ცვლილება, რათა ასახოს საქართველოში ახალი პოლიტიკური ლანდშაფტი. როგორც ადრე გავაფრთხილეთ, ეს ზომები შეიძლება მოიცავდეს სანქციებს იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე, სავიზო აკრძალვას და აშშ-ის პირდაპირი დახმარების გადახედვას.

როგორც კონგრესის წევრები, რომლებიც ღრმად არიან ერთგული ქართველი ხალხის მიმართ და მხარს უჭერენ მყარ ორპარტიულ და ორმხრივ კავშირებს, ჩვენ გავაგრძელებთ ხალხის მხარდაჭერას და მათი ხმების ამაღლებას - რომლის 79% მუდმივად მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას. და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბნელი დღეა, ჩვენ კვლავაც გვჯერა ქართველი ხალხის, რომელიც იბრძვის თავისი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის წევრი, სენატორი ჯიმ რიში, ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე სენატორი ჯინ შაჰინი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი, ასევე, სენატორები კრის კუნსი, დიკ დურბინი, როჯერ ვიკერი, ტიმ კეინი, რიჩარდ ბლუმენტალი, პიტ რიკეტსი, ლინდსი გრემი და ტომ ტილისი.

საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონი გუშინ 84 ხმით მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები