მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია ლოს-ანჯელესში გაიმართა - 8 თვეში აშშ-ში ღვინის ექსპორტი შემცირდა

ღვინის დეგუსტაცია

ღვინის ეროვნული სააგენტოს და ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners მხარდაჭერით, აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია Wines of Georgia Grand Tasting გაიმართა, რომელმაც ამერიკელ ღვინის დარგის პროფესიონალებს, მედიის წარმომადგენლებსა და მომხმარებლებს უმასპინძლა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო მიზანმიმართულ მარკეტინგულ აქტივობებს 2013 წლიდან ახორციელებს. მათი ცნობით, ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, სხვადასხვა მიმართულების მარკეტინგული ღონისძიებების პარალელურად, გაძლიერდა სარეკლამო კამპანიები ისეთ გავლენიან მედია საშუალებებთან, როგორიც არის CBS, CNN, The New York Times, Wine Enthusiast, რამაც აშშ-ში ქართული ღვინის გაყიდვების ზრდა განაპირობა. 2024 წელს ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს - 1,2 მილიონ ლიტრს მიაღწია, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 32%-ით აღემატება.

2025 წლის 8 თვის განმავლობაში კი აშშ-ში ღვინის გადაზიდვები 23.5%-ით შემცირდა და ექსპორტირებული სასმელის ღირებულებამ 4 მილიონ 72 ათასი დოლარი შეადგინა. მოცულობაში კლება 28%-ია.

ღონისძიება მოიცავდა დეგუსტაციას 150-ზე მეტი ტოპ სომელიეს, რითეილერისა და მედიის წარმომადგენლისთვის, ასევე, ქართული ღვინის მასტერკლასს მოწვეული ბაიერებისთვის და მომხმარებლებისთვის.

ქართული ღვინის მასშტაბურ დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 30-მდე ქართული ღვინის კომპანიის 120-მდე ბოთლი სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო, რაც ქართველ მწარმოებლებს აძლევს შესაძლებლობას, გაზარდონ საკუთარი პროდუქციის ცნობადობა და მოიძიონ ახალი სავაჭრო პარტნიორები ამერიკის ღვინის ბაზარზე.

აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნულ სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან Colangelo&Partners თანამშრომლობით ახორციელებს.

კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში იმართება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ასევე, ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას ამერიკულ ბაზარზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები